Thumbnail

საბურთალომ ვალენსიასთან ხელშეკრულება გააფორმა - მიზანი აკადემიის განვითარებაა

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • თბილისური კლუბი ვალენიასთან სამი წლის მანძილზე ითანამშრომლებს
  • მხარეებმა ხელშეკრულებას ხელი ესპანეთში მოაწერეს

საბურთალოსა და ვალენსიას შორის 3-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა - მხარეებმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს. პროექტი მრავალმხრივი იქნება. ვალენსიას საბურთალოში წარმომადგენელი ეყოლება, რომელიც უშუალოდ პროცესებს უხელმძღვანელებს. ამავდროულად, კლუბებს შორის იგეგმებმა გაცვლითი პროგრამა - ცოდნას გაიღრმავებენ მწვრთნელები, ნიჭიერი ბავშვები გაემგზავრებიან სტაჟირებაზე, ასაკობრივი გუნდები ითამაშებენ საერთაშორისო ტურნირებში, კლუბისა და აკადემიის ხელმძღვანელებს შორის იქნება მუდმივი კომუნიკაცია.

ვალენსიას საიტზე ვკითხულობთ, რომ შეთანხმების მთავარი ამოცანა საფეხბურთო კლუბ საბურთალოს აკადემიის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურების განვითარებაა, რათა ის, რაც შეიძლება მაქსიმალურად პროფესიონალური გახდეს, დაინერგოს საწვრთნელი გეგმა მწვრთნელებისთვის და აკადემიამ საკუთარი იდენტობა შექმნას.

ასევე, ესპანელები აღნიშნავენ, რომ ქართველი ფეხბურთელები საფეხბურთო და პირადი განვითარებისთვის საუკეთესო რესურსებს მიიღებენ, ტალანტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიძიებენ, მათ კლუბის აკადემიაში ვალენსიას აკადემიის მეთოდოლოგიით აღზრდიან.

"ვალენსია დიდი ტრადიციების მქონე, ძალიან ძლიერი და წარმატებული კლუბია. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი 3-წლიანია, მჯერა თანამშრომლობა უფრო ხანგრძლივი იქნება," - აცხადებს საბურთალოს დამფუძნებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი. 

ვალენსიას ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ამ ნაბიჯით კლუბი საერთაშორისო გაფართოებას განაგრძობს და საკუთარ აკადემიაში დანერგილ მეთოდოლოგიას მსოფლიოს აცნობს. ამასთანავე, ადამიანებსა და კულტურებს ფეხბურთის საშუალებით აკავშირებს.

"ვალენსია მუდმივად საერთაშორისო პროექტების ძიებაშია. სასიამოვნოა, რომ თბილისის საბურთალოსთან მეგობრული და რაც მთავარია, საქმიანი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხედვები ერთმანეთს დაემთხვა, - ეს ვალენსიას აკადემიის დირექტორის შონ ბაის სიტყვებია, - ვალენსიასთვის დიდი პატივია საბურთალოსთან თანამშრომლობა. გვჯერა, ორივე მხარისთვის ნაყოფიერი და წარმატებული პროექტი იქნება. ეს ჯერ მხოლოდ პირველი ნაბიჯებია, მომავალში ჩვენი ურთიერთობა მასშტაბური იქნება. ვალენსია სისტემატურად ნიჭიერი ბავშვების ძიებაშია. ვფიქრობ, ეს პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ქართულ-ესპანური კულტურის კიდევ უფრო დაახლოებასაც."

 

კომენტარები

ბოლო ამბები