Thumbnail
  • ბრენტფორდი 1:3 მანჩესტერ იუნაიტედი | კრიშტიანო შეცვლის გამო გაბრაზდა
  • რალფ რანგნიკმა მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა

კრიშტიანო რონალდო არ იცვლება - მუდმივად მოედანზე ყოფნა და თამაში სურს. პორტუგალიელი სუპერსვარსკვლავი რალფ რანგნიკმა ბრენტფორდთან (3:1) მატჩის 71-ე წუთზე ჰარი მაგუაირით შეცვალა, რამაც ფეხბურთელი ძალიან გააბრაზა.

რონალდომ რანგნიკს შეცვლისთანავე ჰკითხა, რატომ მაინცდამაინც ის გაიყვანა მოედნიდან. გერმანელმა სპეციალისტმა მასთან ჩახუტებაც სცადა, მერე კი კრიშტიანომ ქურთუკი გაბრაზებულმა მიწაზე მოისროლა და სათადარიგოთა სკამის ნაცვლად, იქვე, კიბეზე ჩამოჯდა და უკმაყოფილებას არ მალავდა. ცოტა ხანში, CR7-სთან რანგნიკი მივიდა და გაესაუბრა, რის შედეგადაც 36 წლის თავდამსხმელი უფრო დამშვიდდა.

რონალდოს ბრენტფორდთან გოლი არ გაუტანია და შეცვლაც არ ესიამოვნა

ამ ინციდენტზე კომენტარი მატჩის შემდეგ გერმანელმა სპეციალისტმაც გააკეთა და თქვა, რომ მას კარგად ესმის რონალდოს რეაქციის: "არ ველოდი, რომ შეცვლის შემდეგ ჩამეხუტებოდა. ვიცი, რომ ბომბარდირებს ყოველთვის მოედანზე ყოფნა სურთ გოლების გასატანად. რონალდოსთან არავითარი პრობლემა არ არსებობს, უბრალოდ, ტრავმის შემდეგ ახალი გამოჯანმრთელებულია, კვირანახევარი არ უვარჯიშია. თანაც, რატომ არ უნდა გამოვიყენო ფეხბურთელები, რომლებიც სათადარიგო სკამზე მყავს? კრიშტიანოს ვუთხარი, რომ გადაწყვეტილება კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღე. შეიძლება რამდენიმე წლის შემდეგ მწვრთნელი შენც გახდე და მჯერა, რომ მსგავს სიტუაციაში იგივეს გააკეთებ-მეთქი", - თქვა რანგნიკმა BT Sport-თან.

რონალდოსთვის შეცვლის შემდეგ ბრაზის გამოხატვა დამახასიათებელია. იუვენტუსში თამაშისას მსგავსი რამ არაერთხელ მოხდა. მაგალითად, 2019 წელს, როდესაც მაურიციო სარიმ იუვე-მილანის მატჩის დროს შეცვალა, კრიშტიანო არათუ გაბრაზდა, არამედ თამაშის დასრულებასაც არ დაელოდა და სახლში წავიდა. მიმდინარე სეზონში 36 წლის ვარსკვლავს 22 თამაშში 14 გოლი აქვს გატანილი. მანჩესტერ იუნაიტედი 21 შეხვედრაში მოპოვებული 35 ქულით მე-7 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები