Thumbnail
  • ჯოელ ემბიიდმა 50 ქულა ჩააგდო და კარიერის TOP შედეგი დააფიქსირა
  • მასზე მცირე დროში ეს მხოლოდ კლეი ტომპსონს აქვს მოხერხებული

ჯოელ ემბიიდს ორლანდოსთან ისტორიული თამაში ჰქონდა!

ჯერ კიდევ მეორე მეოთხედში, ფილადელფია სიქსერსის გულშემატკივრები თავიანთ საყვარელ გუნდს უსტვენდნენ, მაგრამ სადღაც ერთი საათის შემდეგ Wells Fargo Center-ში უკვე საზეიმო განწყობა იყო. ეს ჯოელ ემბიიდის ფოიერვერკის დამსახურებაა - ფილას სუპერვარსკვლავ ცენტრს სამი მეოთხედის შემდეგ უკვე 47 ქულა ჰქონდა ჩაგდებული (პლუს 12 მოხსნა და 3 დაფარება)!

მერე რეზერვისტებმა სიქსერსის უპირატესობა 17-ქულიანი გახადეს და ემბიიდს პარკეტზე დაბრუნების მიზეზი აღარ ჰქონდა, მაგრამ თამაშში კიდევ შევიდა, ერთ წუთში 3 საჯარიმოც ჩააგდო და კარიერის საუკეთესო შედეგი, თამაშში 50 ქულა დააფიქსირა! სხვათა შორის, 51-ე ქულის შანსიც ჰქონდა, მაგრამ ჯარიმა ვერ ჩააგდო, მერე კი თამაში დატოვა და დაისვენა.

ამრიგად, კამერუნელს მხოლოდ და მხოლოდ 27 წუთი ეყო იმისათვის, რომ 50 ქულა ჩაეგდო. ამაზე მეტი ქულა ასეთ მცირე დროში მხოლოდ კლეი ტომპსონს აქვს ჩაგდებული (ჩიკაგოსთან 26:33 წუთში 52 ქულა რომ დააგროვა).

ფილას Big Man-მა 23 მცდელობიდან 17 ჩააგდო და 17-დან 15 საჯარიმო გამოიყენა. მოკლედ, ეს მისი დღე იყო. “დღეს ჯოელი დაუჯერებლად კარგი იყო. პირველივე წამებიდან!” - შესაბამისი გახლდათ ფილადელფიას მთავარი მწვრთნელის, დოკ რივერსის კომენტარიც.

44 მატჩის შემდეგ, ფილას 26 გამარჯვება და 18 მარცხი აქვს. ემბიიდის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა, მომდევნო მატჩში კი, 22 იანვარს ლოს ანჯელეს კლიპერსს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები