Thumbnail

სუარესი და ჯერარდი ისევ ერთად? ურუგვაელი ფორვარდი ატლეტიკოდან მიდის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლუის სუარესმა ბრაზილიური და არაბული კლუბების ვარიანტები უარყო
  • 34 წლის ფორვარდს ბირმინგენის ასტონ ვილაში გადასვლა სურს

მადრიდის ატლეტიკოს ვეტერანი თავდამსხმელი ლუის სუარესი, შესაძლოა, ინგლისურ პრემიერლიგაში დაბრუნდეს და კარიერა ბირმინგემის ასტონ ვილაში გააგრძელოს, რომელსაც სტივენ ჯერარდი წვრთნის.

როგორც ჟურნალისტი ჟერარ რომერო სოციალურ ქსელში წერს, არაა გამორიცხული, ტრანსფერი ზამთარშივე შედგეს, თუმცა, უფრო რეალურია, რომ ის ზაფხულში განხორციელდება, როდესაც 34 წლის ურუგვაელ ფორვარდს ატლეტიკოსთან კონტრაქტის ვადა ეწურება.

როგორც ირკვევა, სუარესმა უარით გაისტუმრა 3 ბრაზილიური კლუბი – ატლეტიკო მინეირო, კორინთიანსი და პალმეირასი, ასევე უინტერესო გამოდგა მისთვის საუდის არაბეთის ერთ-ერთი კლუბისგან მიღებული წინადადება.

ლუისი ასტონ ვილაში გადასვლით იმიტომაც არის მოხიბლული, რომ ჯერარდთან ძველი მეგობრობა აკავშირებს. ისინი ერთად ლივერპულში თამაშობდნენ.

მიმდინარე სეზონში, სუარესს ესპანურ ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ჯამში 25 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 8 გოლია. ლუისს კარიერის განმავლობაში ნასიონალში, გრონინგენში, აიაქსსა და ბარსელონაშიც უთამაშია, ურუგვაის ეროვნულ ნაკრებში კი 128 მატჩში 65 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები