Thumbnail

'გიგას მხრიდან ეს უპატივცემულობა იყო, ასე არასდროს მოვიქცევი' - კატარი ჭიკაძეზე

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი

ამერიკელმა მებრძოლმა კალვინ კატარმა გიგა ჭიკაძესთან გამართულ ბრძოლაზე The MMA Hour-თან ისაუბრა და კომენტარი რამდენიმე საკითხზე გააკეთა. 

“რასაკვირველია, ბრძოლის წინ მიმდინარე ამბებს თვალს ვადევნებდით. ბრძოლის წინ ჩემპიონის გამოწვევა - მე ასეთ რამეს არასდროს გავაკეთებ. როცა შეხვედრა გელოდება და მსგავს ნაბიჯს დგამ, ეს მოწინააღმდეგეზე ზემოდან შეხედვა და მისი უპატივცემულობაა. ჩვენ მისი ნაბიჯი ასე მივიღეთ, მაგრამ არ ვუპასუხე, ეს ყველაფერი ბრძოლაში გადავიტანე და მიმაჩნია, რომ მსგავსი საუბრები სახიფათოა, როცა შენს მეტოქეს შანსი ეძლევა დაუფასებლობის გამო პასუხი გაგებინოს. 

რაც შეეხება ჰოსპიტალში გადაღებულ ფოტოს, დაზიანებები ბრძოლის შემდეგ შეიძლება დაგრჩეს. ინტერვიუებს, თრეშ თოქს (ბინძურ საუბარს), წაკბენებს, ყველაფერს აზრი ეკარგება და როცა ოქტაგონზე 25 წუთს ატარებ, ლაპარაკს მნიშვნელობა აღარ აქვს. ჩვენ საავადმყოფოში ერთმანეთს შევხვდით. ძალიან ადვილია პატივისცემის გამოხატვა მას შემდეგ, რაც ერთმანეთს 25 წუთის მანძილზე მუშტებს ვუქნევდით. ეს უამრავ ემოციას იწვევს.

'ბარბაცებდა, მაგრამ ერთხელაც არ დაეცა. გიგას უდრეკობა უნდა დავუფასოთ, ჯოჯოხეთური ჩხუბი იყო.'

მაგრამ, ნამდვილად, ბრძოლიდან გამომდინარე, ჭიკაძის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამიჩნდა. ის ძალიან მყარი და გამძლეა. რამდენიმეჯერ პირდაპირი დარტყმები გავუტარე, რომელთა მიღების შემთხვევაში ადამიანთა უმეტესობა მუხლებზე დაეცემოდა ან ძირს დავარდებოდა. ბარბაცებდა, მაგრამ ერთხელაც არ დაეცა. რაუნდის ბოლოს ვფიქრობდი, რომ მისი ვადაზე ადრე დამარცხება შემეძლო, მაგრამ გიგას უდრეკობა უნდა დავუფასოთ, ჯოჯოხეთური ჩხუბი იყო,”- თქვა კატარმა.

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძე კალვინ კატართან 5-რაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები