Thumbnail

ენისეის მწვრთნელი: შავ ლომთან თამაში მარტის ბოლოს გვინდა, თუმცა, არ გვისმენენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

რაგბი ევროპის სუპერთასის მატჩი ქართულ შავ ლომსა და რუსულ ენისეის შორის, რომელმაც აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებულის ვინაობა უნდა გაარკვიოს, მარტის დასაწყისში ან ბოლოს ჩატარდება. ამის შესახებ კრასნოიარსკელთა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ პერვუხინმა ისაუბრა და კიდევ ერთხელ დაიწუწუნა, რომ რაგბი ევროპა რუსული კლუბის ინტერესებს არ ითვალისწინებს.

“რაგბი ევროპა ჩვენი და შავი ლომის მატჩის თაობაზე შეხვედრას ოთხშაბათს გეგმავს და იმედია, თარიღიც შეთანხმდება – საუბარია მარტის დასაწყისზე ან ბოლოზე. სწორედ ამის შემდეგ შეგვეძლება შეკრების დეტალები დავგეგმოთ. ველოდებით სიახლეებს ეროვნული ნაკრებიდანაც, რათა ვიცოდეთ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩებისთვის რამდენი მორაგბის გაშვება მოგვიწევს. თუკი შავ ლომთან მატჩს 5 მარტს დაგვინიშნავენ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნაკრები 27 თებერვალს თამაშობს. გამოდის, რომ მორაგბეები სულ 2-3 დღის დაბრუნებულები იქნებიან და აღსადგენად ცოტა დრო ექნებათ. ჩვენ ვთავაზობთ, რომ მატჩი 27 ან 28 მარტს დაინიშნოს, თუმცა, რაგბი ევროპა ნაკლებად გვისმენს, იმაზე ნერვიულობენ, ნახევარფინალების გასარეკლამებლად ცოტა დრო დაგვრჩებაო. თითქოს, მაგალითად, ესპანეთში ბოლომდე სავსე ტრიბუნებს ელიან”.

შეგახსენებთ, რომ შავ ლომს რაგბი ევროპის სუპერთასის აღმოსავლეთ კონფერენციაში 20 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, ენისეის კი 16 ქულით მე-2 პოზიცია უკავია. თუ ქართულმა ფრენჩაიზმა რუსებთან სანუგეშო ქულის აღება მაინც მოახერხა (ამისთვის, 7 ქულაზე ან 3 ლელოთი მეტით არ უნდა წააგოს), ლიდერობას შეინარჩუნებს და ნახევარფინალში შინ ესპანურ იბერიანსს შეხვდება. ჯგუფში მე-2 ადგილზე გასვლის შემთხვევაში, შავ ლომს პორტუგალიაში ლუზიტანოსთან მატჩი ელის. ნახევარფინალები აპრილშია დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები