Thumbnail
  • გოლდენ სტეიტი 102:86 დეტროიტ პისტონსი
  • უორიორსმა ნეგატიური სერია დაასრულა
  • კლეი ტომპსონს დაბრუნების შემდეგ საუკეთესო მატჩი ჰქონდა

მიუხედავად დრეიმონდ გრინის არყოფნისა, გოლდენ სტეიტმა დაცვაში ამჯერად ძალიან კარგად ითამაშა და დეტროიტთან პრობლემები აღარ შეჰქმნია. საკუთარ დარბაზში დაბრუნება უორიორსმა პისტონსთან 102:86 გამარჯვებით აღნიშნა და ნეგატიური სერია შეწყვიტა.

საუკეთესო ახლახან გამოჯანმრთელებული კლეი ტომპსონი გახლდათ, რომელმაც ხანგრძლივი იძულებითი პაუზიდან დაბრუნების შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა - მან 21 ქულა დააგროვა (3/8 სამქულიანი). კლეიმ განსაკუთრებით კარგად მეორე პერიოდში ითამაშა, როცა თავის აქტივს 10 ქულა შემატა. ამასთან, სწორედ მან დააგვირგვინა პირველი ტაიმი ზუსტი სამქულიანით და ფაქტობრივად სწორედ ეს იყო ის ფაზა, როცა მატჩის ბედი გადაწყდა, რადგან ამ დროს მასპინძლებმა 28-ქულიან უპირატესობას მიაღწიეს (მოგვიანებით, 34 ქულითაც იგებდნენ).

სტეფ კარის მეოთხე პერიოდში აღარც უთამაშია და ჯამში 18 ქულით დაკმაყოფილდა (6/11, 4/8 სამქულიანი, 8 პასი). ენდრიუ უიგინსის ანგარიშზე 19 ქულაა (8/13). ახალბედა ჯონათან კუმინგამ ამჯერად სასტარტოში, გრინის პოზიციაზე ითამაშა და ორმაგი დუბლის შესრულება (12 ქულა, 10 მოხსნა) შეძლო. 

44 მატჩის შემდეგ გოლდენ სტეიტს 32 მოგება და 19 მარცხი აქვს. სტივ კერის გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა და მხოლოდ ფინიქსს (34-9) ჩამორჩება. დეტროიტი აღმოსავლეთში 10 გამარჯვებითა და 33 მარცხით ბოლოსწინა ადგილზეა და მხოლოდ ორლანდოს უსწრებს. კარი-ტომპსონის დუეტის მომდევნო გამოწვევა ინდიანა პეისერსი იქნება - უორიორსი გოგა ბითაძის გუნდთან 21 იანვარს ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები