Thumbnail

ავსტრალიის ღია პირველობის ერთეულთა თანრიგში განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი (23) 4-საათიან ბრძოლაში დამარცხდა მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგან ენდი მარისთან და ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა. თუმცა დიდი სლემის ტურნირზე ნიკას ჯერ არ დაუსრულებია ასპარეზობა - ის წყვილთა თანრიგშიც გამოვა.

წყვილებში ბასილაშვილი მსოფლიოს 352-ე ჩოგანია, ის სერბ მიომირ კეცმანოვიჩთან ერთად ითამაშებს მელბურნის კორტებზე. სერბს და ქართველს წილისყრაში არ გაუმართლათ - წყვილებში ელიტურ მეტოქეებს პირველივე წრეში ეთამაშებიან. ბასილაშვილი და კეცმანოვიჩი ამერიკელ რაჯივ რამს (4 წყვილთა რეიტინგში) და ბრიტანელ ჯო სალისბერის (3) 19 იანვარს (08:30-ზე თბილისის დროით) ეთამაშებიან. ეს წყვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე მე-2 ნომრად არის განთესული და მატჩის აშკარა ფავორიტია. 

ორი ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს ქალთა წყვილთა თანრიგში, თუმცა არა ერთად. ოქსანა კალაშნიკოვა (79 წყვილებში) უნგრელ ანა ბონდართან (92 ერთეულებში) ერთად ითამაშებს. დილის 9 საათზე მათი მეტოქეები ყაზახი ანა დანილინა (75 წყვილებში) და ბეატრიზ მაია (ბრაზილია, 88 ერთეულებში) იქნებიან. 

ამავე დროს კორტზე გავა ეკატერინე გორგოძეც (63 წყვილებში), ის რუმინელ ირინა ბარას (87 წყვილებში) შეუწყვილდა. მათი მეტოქე მე-10 ნომრად განთესილი ჩეხური დუეტია: მარია ბოუზკოვა (80 ერთეულებში, 32 წყვილებში) და ლუცია ჰრადეცკა (29 წყვილებში).  

კომენტარები

ბოლო ამბები