Thumbnail

მსოფლიო რაგბმა 2022 წლის ექვსი ერის მატჩების სამსაჯოდ კიდევ ორი ქართველი რეფერი მიიწვია. შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი 20-წლამდელთა ტურნირის ორ-ორ თამაშზე იმუშავებენ – აქედან ერთში, თევზაძე მოედნის მსაჯი იქნება.

როგორც საქართველოს რაგბის კავშირი იუწყება, მანამდე, 19 თებერვალს, 27 წლის რეფერი რაგბი ევროპის “ალაფაზე“ ჰაიდელბერგში, გერმანიისა და ბელგიის ჯახს იმსაჯებს. შოთა თევზაძეს ქართველი გვერდითი მსაჯები ეყოლება, რომელთა ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ქართველი არბიტრებისთვის მთავარი მოვლენა 10 მარტსაა ჩანიშნული. 20-წლამდელთა ექვსი ერის მეოთხე ტურში უელსი საფრანგეთს უმასპინძლებს და მოედნის მსაჯი შოთა თევზაძე იქნება, საბა აბულაშვილი კი მას კიდიდან დაეხმარება. მეხუთე ტურში, 20 მარტს, ირლანდია შოტლანდიას ეთამაშება და თევზაძე და აბულაშვილი გვერდითი მსაჯები იქნებიან.

საბა აბულაშვილი, ნიკა ამაშუკელი და შოთა თევზაძე

საგულისხმოა, რომ მსოფლიო რაგბი 20-წლამდელთა ტურნირებს, მათ შორის ექვს ერს განვითარების ჭრილში უყურებს, როგორც მოთამაშეების, ასევე მატჩის ოფიციალური პირების კუთხით. ყველა მსაჯი, რომელიც ამ ტურნირზეა მიწვეული, სამომავლოდ უფრო მაღალ დონეზე მოიაზრება და ქართველი მსაჯებისთვის ესაა შანსი, საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცონ და განვითარების გზაზე კიდევ უფრო წინ წაიწიონ.

“პირველად რაგბი ევროპის “ალაფის“ შეხვედრა მელის და ჯერ მხოლოდ მასზე ვარ კონცენტრირებული, თუმცა, რა თქმა უნდა ექვს ერზეც ვფიქრობ. ნიკა ამაშუკელთან ერთად, ამ ტურნირზე გვერდით მსაჯად ნამუშევარი მაქვს და ნიკას ტრავმის (წარბი გაუსკდა) გამო, გარკვეული დროით ცენტრშიც მომიწია მსაჯობა. 20-წლამდელთა ექვსი ერის თამაშები, ინტენსივობითა და დონით კაცთა გუნდების შეხვედრებს არ ჩამოუვარდება. ეს არის გარდამავალი ტურნირი, ერთგვარი კარი დიდი რაგბისკენ და ბედნიერი ვარ, რომ შანსი მივიღე. ახლა, ყველაფერი ჩემს ხელთაა და ვეცდები ქართული რაგბი ვასახელო“, - განაცხადა თევზაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გამოცდა ელის ნიკა ამაშუკელს. ის ე.წ. მეორე დონის ქვეყნებიდან პირველი არბიტრი გახდა, რომელიც “მთავარი” ექვსი ერის კარს შეაღებს და თებერვალში ორ თამაშს იმსაჯებს. 6 თებერვალს, 2022 წლის ექვსი ერის პირველ ტურში, ამაშუკელი საფრანგეთისა და იტალიის მატჩზე რეფერის პირველი ასისტენტი იქნება, ხოლო 27 თებერვალს, მესამე ტურში, ირლანდიისა და იტალიის შეხვედრას უკვე მთავარი არბიტრის როლში მოემსახურება.

კომენტარები

ბოლო ამბები