Thumbnail

სკანდალური თამაში - მსაჯს დასჯიან, მილანს ბოდიში მოუხადეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მილანი-სპეციას მატჩი სკანდალური გამოდგა, მსაჯის შეცდომა გადამწყვეტი იყო
  • 39 წლის არბიტრს დისკვალიფიკაცია ემუქრება, მილანს კი ბოდიში მოუხადეს

მილანს შანსი ჰქონდა სერია A-ში გალიდერებულიყო, მაგრამ შინ სპეციასთან წააგო და ინტერს ვერ გადაასწრო. თუმცა, ეს მატჩი ყურადღების ცენტრში მსაჯობის კუთხით მოექცა და ახლა, ყველა არბიტრის, მარკო სერას შეცდომაზე საუბრობს.

მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო მიმდინარეობდა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო და მილანმა გოლი გაიტანა, მაგრამ არ ჩაითვალა. სწორედ ეს გახდა დავის საგანი. სპეციას ფეხბურთელმა ანტე რებიჩის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია, შეტევა გაგრძელდა და ჟუნიორ მესიასმა გოლი გაიტანა. თუმცა, მსაჯმა წამის მეასედებში ჯარიმა დააფიქსირა და გოლი გააუქმა. არადა, არბიტრი უფლებამოსილი იყო ლომბარდიული გრანდისთვის შეტევის უპირატესობა მიეცა, დალოდებოდა მის დასრულებას და ამის შემდეგ მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება. ისე გამოვიდა, რომ მილანმა გოლი გაიტანა, რომელიც არ ჩაუთვალეს და მხოლოდ ჯარიმა დაუნიშნეს, რამაც ცხადია, დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

ანტე რებიჩი მსაჯის გადაწყვეტილებით ძალიან გაბრაზებული იყო

მატჩის შემდეგ სერას შეცდომის გამო იტალიის მსაჯთა ასოციაციამ მილანის ხელმძღვანელობას ბოდიში მოუხადა, იგივე გააკეთა არბიტრმაც. ახლა, მოსალოდნელია, რომ მარკო სერას დასჯიან - სავარაუდოდ, ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით, მერე კი გარკვეული პერიოდის განმავლობაში სერია B-ს მატჩებზე იმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ მილანმა სპეციასთან შეხვედრა სულაც წააგო, რადგან 95-ე წუთზე მე-2 გოლი გაუშვა და უქულოდ დარჩა. არადა, მარკო სერას მესიასის გოლი რომ ჩაეთვალა, დიდი ალბათობით, 3 ქულას "როსონერი" მოიპოვებდა, რომელიც ამჟამად სატურნირი ცხრილში 48 ქულით მე-2 ადგილზეა, 23 იანვარს კი იუვენტუსს უმასპინძლებს.

📺 მილანი 1:2 სპეცია

კომენტარები

ბოლო ამბები