Thumbnail
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი, სავარაუდოდ, დიდი სლემის სხვა ტურნირებზეც ვერ ითამაშებს
  • უიმბლდონის ღია პირველობის ორგანიზატორები წესებს ამკაცრებენ
  • ნიუ იორკში კი აუცრელი სპორტსმენების ასპარეზობა ისედაც არ შეიძლება

ნოვაკ ჯოკოვიჩი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ არის და ავსტრალიის ღია პირველობაზე ამიტომ ვერ თამაშობს, ახლა კი, დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულ სერბ ჩოგბურთელს მომდევნო დიდი სლემების გამოტოვების საფრთხეც ემუქრება! როლან გაროსი, უიმბლდონი და აშშ-ის ღია პირველობაც ჯოკოვიჩის გარეშე? ამის შესახებ დღეს წამყვანი სპორტული მედიასაშუალებები წერენ.

ავსრალიის ღია პირველობა ტურნირის რეკორდსმენის გარეშე მიმდინარეობს

ერთადერთი, რასაც ჯოკოვიჩისთვის ამ კოშმარული სცენარის შეცვლა შეუძლია, ვაქცინაციაა. ბრიტანული “ტელეგრაფისა” და “მირორის” ინფორმაციით, უიმბლდონის ღია პირველობის ორგანიზატორები კორონაწესების გამკაცრებას გეგმავენ და ნოლესთვის გამონაკლისის დაშვებას არ აპირებენ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ თუკი არ აიცრება, 34 წლის სერბი ვერც საფრანგეთის ღია პირველობაზე იასპარეზებს. როგორც საფრანგეთის სპორტის მინისტრმა როქსანა მარასინიანუმ განაცხადა, მაისის ბოლოს დაგეგმილ როლან გაროსზე მხოლოდ აცრილმა ჩოგბურთელებმა უნდა იასპარეზონ. უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშაა ნოვაკის აშშ-ის ღია პირველობაზე თამაშიც, რადგან ნიუ იორკში ასპარეზობა მხოლოდ აცრილებისთვისაა ნებადართული.

დეპორტაციის შემდეგ ნოვაკი სერბეთში იმყოფება

“ნოვაკმა უნდა გადაწყვიტოს - ვაქცინაცია, ან კარიერის დასრულება” - ასეთი სათაური ჰქონდა სამშაბათს სერბულ გამოცემა “ინფორმერს”, რომელიც წერს, რომ თუ ნოვაკი ვერ ითამაშებს, სპონსორებისგან დაახლოებით 40 მილიონ ევროს დაკარგავს. კიდევ ერთი სერბული გამოცემა “Vecernji Novosti” წერს: “ნოვაკისთვის უკვე კარი კარზე იხურება. არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ ყველა დროის პირველი ნომერი გახდეს.”

შეგახსენებთ, რომ დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებული ავსტრალიის ღია პირველობაზე სწორედ იმიტომ არ დაუშვეს, რომ აცრილი არ არის. ავსტრალიის მთავრობის წინააღმდეგ მან მეორე სასამართლო წააგო და სამშობლოში დააბრუნეს. შესაძლოა, ნოლე ავსტრალიაში უახლოესი 3 წლის მანძილზე აღარ შეუშვან, თუმცა ქვეყნის პრემიერმინისტრმა ამ თვალსაზრისით მას გარკვეული იმედები დაუტოვა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები