Thumbnail

ამერიკული ვებ-გვერდი Indystar ლოს ანჯელეს კლიპერსთან მატჩში გოგა ბითაძისა და კრის დუარტეს შედეგიან თამაშს გამოეხმურა და აღნიშნა, რომ დიდი შანსია, სამომავლოდ, ინდიანა პეისერსის წამყვან კალათბურთელებად სწორედ ისინი მოგვევლინონ. პეისერსს ცუდი დროება უდგას და მოსალოდნელია, რომ მიმდინარე სეზონის შემდეგ ცვლილებები დაიწყება, რაც ახალგაზრდა მოთამაშეებს მეტ შანსს მისცემს. აი, რას წერს აღნიშნული საიტი:

“მას მერე, რაც ინდიანამ ზედიზედ მე-4, ბოლო 11 მატჩში კი მე-10 მარცხი განიცადა, გუნდის თამაშში რაღაც პოზიტიურის მოძებნა ძალიან რთულია, თუმცა, არა – შეუძლებელი. ორმა კალათბურთელმა, რომელთაც შესაძლოა, მომავალში დიდი როლი დაეკისროთ, საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინა.

კრის დუარტემა და გოგა ბითაძემ კლიპერსთან წაგებული მატჩი (133:139) სათადარიგოთა სკამიდან დაიწყეს, თუმცა, ჯამში, 41 ქულა მოაგროვეს. დუარტემ 24 ქულა ჩააგდო და ეს, მისთვის მე-2 მაჩვენებელია სეზონის სადებიუტო თამაშის (27 ქულა) შემდეგ. მისი მონაგარი 7 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრაც იყო.

ბითაძემ სოლიდური სათამაშო დრო ტრავმირებული მაილს ტერნერის არყოფნაში მიიღო და კარიერისთვის სარეკორდო 17 ქულა ჩააგდო, თამაშიდან 9-დან 7 ტყორცნა გამოიყენა და 8 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარებაც მიითვალა. როდესაც ეს ორნი მოედანზე იყვნენ, ინდიანამ მეტოქეზე 26 ქულით მეტი ჩააგდო. გოგამ 7 ქულა ბოლო მეოთხედში მიითვალა და დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ პეისერსი ბოლომდე ბრძოლაში რჩებოდა.

გოგა ბითაძე ფრანგი ნიკოლა ბატუმის წინააღმდეგ

“ჩემი აზრით, მან საოცრად ითამაშა”, - განაცხადა პეისერსის მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაილმა ბითაძის შესახებ. “როდესაც პირველ მეოთხედში საგრნობლად ჩამოვრჩით, გოგა მოედანზე ოშაესთანა (ბრისეტი) და ლანსთან (სტივენსონი) ერთად გამოჩნდა და საჭირო ნაპერწკალი მოგვიტანა. ჩვენი სათადარიგოთა სკამიდან თითქმის ყველამ მაგრად ითამაშა.

კონკრეტულად გოგამ ბევრი კარგი რამ გააკეთა. მოხსნებზე სარგებლიანად იმუშავა და ზოგადადაც, თამაშის რიტმს კარგად გრძნობდა. ბითაძეს კარგად ეხერხება თამაში იმ გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც რიტმს ხშირად ცვლიან. ასეთ მატჩებში გოგა კარგ ორიენტაციას ავლენს, ფარქვეშ სწორად მოძრაობს, ტანს სწორად აყენებს, თუკი მის წინააღმდეგ დაბალი მეტოქე აღმოჩნდება, ზუსტად უტევს და პასის გაცემაც ეხერხება. მისი თამაშით კმაყოფილი დავრჩი, აჩვენა, რომ ყველა მომენტში მზადყოფნაში იყო”.

გოგასთვის კლიპერსთან მიღებული 25 წუთი მიმდინარე სეზონისთვის სარეკორდო იყო და ცხადია, მან სეზონის საუკეთესო მაჩვენებელი – 11 ქულაც გადაფარა. 2019 წლის დრაფტის პირველი რაუნდის არჩევანი უკვე 3 სეზონია სტაბილური სათამაშო დროის მიღებისთვის იბრძვის და გასული მატჩი მისთვის დიდი პლიუსი იყო. თუკი ამ სეზონის შემდეგ ინდიანა რამდენიმე გაცვლის განხორციელებას გადაწყვეტს, დიდი შანსია, ბითაძესთვის სასურველი ადგილი გამოთავისუფლდეს და ის უფრო მეტად დატვირთონ. ამ მხრივ საინტერესო იყო ხსენებული დუარტეს კომენტარიც:

ქართველმა ცენტრმა 17 ქულას 8 მოხსნა წაამატა

“გოგა მოთმინებას დიდი ხანი ინარჩუნებდა და ბოძებული შანსი დიდებულად გამოიყენა. ის მართლაც კარგად მოძრაობდა და მზად იყო საკუთარი თავი ყოველი შეტევის დროს შემოეთავაზებინა. ჩვენც კარგად ვიმუშავეთ, ბურთს ხშირად ვაძლევდით და ისიც სარგებლობდა. ბითაძე ჩინებული კალათბურთელია. მჯერა, კიდევ უფრო უკეთესი გახდება და თუკი საშუალება მიეცემა, თავს ისევ გამოიჩენს”.

როგორც აღვნიშნეთ, ბითაძეს კლიპერსთან სოლიდური სათამაშო დრო მაილს ტერნერის არყოფნაში მიეცა, რომლის სავარაუდო ტრეიდზეც ბევრი იწერება. NBA-ში ტრანსფერებისთვის გამოყოფილი დედლაინი 10 თებერვალს იწურება და 25 წლის ამერიკელ ცენტრს ყველაზე აქტიურად დალასს უკავშირებენ. როგორც ირკვევა, ინდიანა სანაცვლოდ დუაიტ პაუელს და დორიან ფინი-სმიტსა ან ჯეილენ ბრანსონს ელის.

ცხადია, თუკი ეს გაცვლა განხორციელდა, ბითაძეს გუნდში მეტი გასაქანი მიეცემა და შესაძლოა, პეისერსის სასტარტო ცენტრიც კი გახდეს. ამ დროისთვის, მიმდინარე სეზონში მას 24 მატჩი აქვს ჩატარებული (არცერთი სასტარტოში) და ასეთი საშუალო მაჩვენებლები გააჩნია: 8.3 წუთი, 3.1 ქულა, 2.3 მოხსნა, 0.5 დაფარება.

ინდიანას მხოლოდ 15 მოგება და 29 მარცხი გააჩნია და NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება, რაც უდიდესი ალბათობით იმას ნიშნავს, რომ პლეი-ოფს მიღმა დარჩება. პეისერსი მომდევნო შეხვედრას 20 იანვრის დილას ლოს ანჯელესში ლეიკერსთან ჩაატარებს და იმედია, ქართველ კალათბურთელს თავის გამოჩენის შანსი ამ შემთხვევაშიც მიეცემა.

კომენტარები

ბოლო ამბები