Thumbnail

FIFA THE BEST-ის გამოკითხვაში ნაკრები გუნდების კაპიტნებს საკუთარი თავისთვის ხმის მიცემა, რა თქმა უნდა, არ შეეძლოთ - მიუხედავად ამისა, ლიონელ მესიმ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ოქროს ბურთის შემდეგ, ეს ჯილდოც მას მოეგო და არა რობერტ ლევანდოვსკის. კრიშტიანო რონალდომ კი პირიქით, სწორედ ლევანდოვსკი დაასახელა პირველ ადგილზე. სამაგიეროდ, რონალდოს მესი არ დაუსახელებია…

მესიმ ლევანდოვსკისთვის ერთი ხმაც კი ვერ გაიმეტა. არგენტინის ნაკრების კაპიტნის რანგში ლეომ ასეთი სამეული დაასახელა: ნეიმარი, კილიან მბაპე და ქარიმ ბენზემა.

თუმცა ლევანდოვსკიმ ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მაინც მიიღო. არადა, თვითონ პოლონეთის ნაკრების კაპიტანმა მესი მეორე ადგილზე დაასახელა, პირველზე კი ევროპის ჩემპიონი ჟორჟინიო გაიყვანა. სხვათა შორის, ლევანდოვსკიმ მესამე პოზიციაზე რონალდო დაასახელა. თავად კრიშტიანომ, რომელიც წელს ფავორიტად არც მიიჩნეოდა, პირველ ადგილზე ლევანდოვსკის გვარი ჩაწერა, მეორეზე - ნ’გოლო კანტე, მესამეზე კი ჟორჟინიო. როგორც ხედავთ, მესიმ რონალდოსგან ერთი ხმაც ვერ მიიღო.

ნაკრები გუნდების კაპიტნებთან და მწვრთნელებთან ერთად, ხმის მიცემა ჟურნალისტებს და ფიფას ვებგვერდზე დარეგისტრირებულ გულშემატკივრებსაც შეეძლოთ. რაკი ასარჩევად 11 ფეხბურთელისგან შემდგარი სია იყო წარდგენილი, საუკეთესო სამეულებში აბსურდული გვარები აღარავის ჩაუწერია. ყველაზე კურიოზული გამარჯვებული ალბათ მაინც ტაივანის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იე სიენ-ჩუნგს ჰყავდა - ჟიურის 600 წევრიდან მხოლოდ მან დაასახელა პირველ ადგილზე დორტმუნდის ბორუსიას ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰაალანდი. ასეთი რამ თვით ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელ სტალე სოლბაკენს, კაპიტან მარტინ ოდეგორს და ნორვეგიელ ჟურნალისტსაც კი არ გაუკეთებიათ…

კომენტარები

ბოლო ამბები