Thumbnail

ულტიმატუმი დემბელეს - ბარსელონამ ის რთული არჩევანის წინაშე დააყენა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ფრანგ ფეხბურთელს ნახევარწლიანი უთამაშებლობა ემუქრება
  • დემბელე 130 მილიონად იყიდეს, თუმცა, იმედები ვერ გაამართლა

ბარსელონამ უსმან დემბელეს ულტიმატუმი წაუყენა, რომელიც 24 წლის ფრანგ ფეხბურთელს მეტად რთულ მდგომარეობაში აყენებს. ესპანური გრანდის უკმაყოფილების მიზეზი ისაა, რომ უსმანი არ აპირებს კონტრაქტის გაგრძელებას, რომელსაც ვადა მიმდინარე წლის ივნისში გასდის.

ბარსელონაში სურთ, რომ დემბელემ ხელშეკრულება ახლავე გააგრძელოს ანაც კლუბი უკვე იანვარში დატოვოს, რადგანაც ის გუნდის მთავარი მწვრთნელის ჩავის გეგმებში აღარ შედის. ეს გასაკვირიც არაა იმ ფონზე, რომ თავის დროზე 130 მილიონ ევროდ ნაყიდ შემტევს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 2 საგოლე პასი აქვს.

როგორც ირკვევა, კატალონიელებს უსმანის მიმართ იგივე მიდგომა აქვთ, როგორიც კლუბის აღზრდილ ილაიშ მორიბასთან ჰქონდათ. ბარსელონასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე ისიც უარს აცხადებდა, ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ გერმანულ ლაიპციგში 16+6 მილიონ ევროდ გაუშვეს. ცნობილია, რომ კატალონიელები დემბელეს მანჩესტერ იუნაიტედსა ან ნიუკასლს 20 მილიონ ევროდ სთავაზობენ.

დემბელეს მოსაფიქრებლად დრო მიეცა, მანამდე კი, ის მატჩების განაცხადში ვერ მოხვდება, თუმცა, ვარჯიშებს აუცილებლად უნდა დაესწროს. ბარსელონაში იმედი აქვთ, რომ ფრანგი ფეხბურთელი კატარში დაგეგმილი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ნახევარწლიან უქმობას არ დასთანხმდება და კომპრომისზე წავა.

ამ დროისთვის, სხვა აზრზე არიან თავად ფეხბურთელი და მისი აგენტი მუსა სისოკო. ფრანგი ფორვარდი თანახმაა თუნდაც ზაფხულამდე უთამაშებელი იყოს, ოღონდ კი, ესპანურ კლუბს არაფერი დაუთმოს. თუკი ასე მოხდა, დემბელე მხოლოდ ივნისშიღა გააფორმებს კონტრაქტს ინგლისური პრემიერლიგის ერთ-ერთ კლუბთან, რომელთან პირობებიც უკვე შეთანხმებული აქვს.

როგორც აღვნიშნეთ, უსმან დემბელე კამპ ნოუზე კოლოსალური თანხის სანაცვლოდ გადავიდა (დორტმუნდის ბორუსიადან), თუმცა, მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა. გასული წლის მიწურულს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგი შემტევი ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებდა, თუმცა, ახლა ვითარება ისევ შეიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები