Thumbnail

'მე გმირი ვარ და არა ლაჩარი' - ილია თოფურია მომავალ ბრძოლასა და საკუთარ სტილზე

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი

24 წლის ილია თოფურია UFC-ში მე-4 ბრძოლას 23 იანვარს გამართავს. ქართველის მოწინააღმდეგე 26 წლის კანადელი სპორტსმენი შარლ ჟურდენი იქნება, რომელიც კოვიდ-ინფიცირებულ მოვსარ ევლოევს ჩაანაცვლებს. აღსანიშნავია, რომ UFC-ის ილიასთვის მეტოქის პოვნა ძალიან გაუჭირდა - თოფურიასთან ჩხუბი არავის სურდა, კანადელმა კი თანხმობა სიამოვნებით განაცხადა. ილიას MMA-ში 11 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ყველა მოიგო. შარლ ჟურდენს კი 17 შეხვედრა აქვს გამართული - აქედაინ 12 მოიგო, 4 წააგო და 1 ფრედ დაასრულა. 

მნიშვნელოვანი ჩხუბის წინ ქართველმა მებრძოლმა ესპანურ გამოცემა El Espanol-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და საკმაოდ ბევრ თემაზე ისაუბრა. 

El Espanol: 2021 წელი შენს კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ტოპ 15-შიც შეაღწიე. ახალი წელი დაიწყო, მზად ხარ, მიიღო ყველაფერი, რასაც 2022 მოგიტანს?

ილია თოფურია: რა თქმა უნდა. რეალობა ის არის, რომ გასულ წელს მხოლოდ ერთხელ ვიჩხუბე, UFC-ში კი სულ სამი ბრძოლა გავმართე. ამ წელს უფრო მეტი შეხვედრის ჩატარება მინდა. გამოცდილება მივიღე, UFC-ის ატმოსფეროს გავეცანი. დარწმუნებით ვიტყვი, წელს მეტი ჩხუბი მექნება. 

El Espanol: 2022 წლის პირველ ბრძოლა გელის. ყოველთვის ამბობ, რომ პირველ რაუნდში გაიმარჯვებ. მაგალითად, რაიან ჰოლს პირველი რაუნდის დასრულებამდე 13 წამით ადრე მოუგე...

თოფურია: ასეთი სტრატეგია გვქონდა - მისთვის ბოლო 30 წამში უნდა შემეტია, რადგან სულ ძირს იწვა და არ გვინდოდა, რომ პარტერში დავეჭირე. ამიტომ შევუტიე ბოლო 30 წამში. რომც დავეჭირე, 30 წამი ადამიანი ყველაფერს გაუძლებს. გარდა ამისა, პროფესიონალი ვარ და თავის დაცვაც ვიცი. ასე რომ, მის შტურმს მოვიგერიებდი.  როცა 30 წამის ნიშანი მომცეს, თავი ლამის წავაცალე.

El Espanol: როგორ ემზადები ბრძოლის წინ? როგორია პაექრობის დაგეგმვის პროცესი?

თოფურია: ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ზედმეტად თავდაჯერებული ვარ, რეალურად კი, ბრძოლის დანიშვნის შემდეგ ჩემს გუნდთან ერთად ვაანალიზებ ყველაფერს. ახლა ვიცი, რომ 23 იანვარს ბრძოლა მელის და ყველაფერი კარგად მაქვს დაგეგმილი. სწორედ ეს მაძლევს თვითრწმენას. ეს ემოციური პოზა არ გახლავთ, დიდი ძალისხმევის შედეგია. არიან ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული ღირსებები აქვთ. მაგალითად, ძალიან ნიჭიერებს პირველივე ცდაზე ყველაფერი გამოსდით. ჩემი ღირსება შეუპოვრობაა.

'ჩემი სტრატეგია მომავალ ბრძოლაში მეტოქის მენტალურად ჩაძირვაა'

El Espanol: რა უნდა გააკეთო პირველ რაუნდში მოსაგებად, რათა თქვა, რომ “ეს მე ვარ, ილია”?

თოფურია: რაიან ჰოლთან ბრძოლაზე უკვე აღვნიშნე, რომ ეს ჭადრაკის მატჩის მსგავსი დაპირისპირება იყო. როგორც წესი, მებრძოლები ოქტაგონზე შესვლის შემდეგ სტრატეგიას ივიწყებენ. ვინც მას ბოლომდე მიჰყვება, ჩემპიონი ხდება. ჩემი სტრატეგია მომავალ ბრძოლაში მეტოქის მენტალურად ჩაძირვაა. როცა ამას ახერხებ, მას რასაც გინდა, იმას გაუკეთებ. 

El Espanol: შეიძლება ითქვას, რომ ილია თოფურია მსოფლიოს ჩემპიონი გახდება?

თოფურია: დიახ, ილია ჩემპიონი გახდება, ეჭვიც კი არ მეპარება. არ ვიცი, ზუსტად როდის იქნება, დღეს, ხვალ თუ ზეგ, მაგრამ ერთ დღესაც ჩემპიონი გავხდები. 23 იანვარს უმნიშვნელოვანესი ბრძოლა მელის - ჩემს გზაზე ეს მორიგი გადასალახი დაბრკოლებაა. 

El Espanol: ნიშანდობლივია, თუ როგორ ცდილობ ყველაფრის გაკონტროლებას ბრძოლის წინ, როგორც ოქტაგონზე, ისე მის გარეთ. შეუძლია კი შენნაირ მებრძოლს, რომელიც უამრავ სამუშაოს წევს, MMA-ის სამყაროს მიღმა თავს სისუსტის უფლება მისცეს?

თოფურია: რასაკვირველია, საკუთარი ეჭვებიც მაქვს. ადამიანი ვარ და მეშინია, რომ ოცნებებს ვერ ავიხდენ, მაგრამ ყოველთვის მახსოვს მითოლოგიური ფრაზა: “იცი, რა სხვაობაა ლაჩარსა და გმირს შორის? ორივეს ეშინია, მაგრამ ამ გრძნობას ორივე განსხვავებულად უმკლავდება”. მე გმირი ვარ, საკუთარ გრძნობებს ვუპირისპირდები და წინსვლას ვაგრძელებ. სისუსტეები მეც გამაჩნია, მაგრამ მათზე ვმუშაობ და როცა ბრძოლის დრო მოდის, მათ ვივიწყებ. 

'ჩემს მეტოქესთან ურთიერთობაში პირადს არასდროს შევეხები. არასდროს არაფერს ვიტყვი მის ოჯახზე, რელიგიაზე, ცოლზე...'

El Espanol: კარიერა ძმასთან ერთად დაიწყე. როგორია შენი და ალექსანდრეს ურთიერთობა ოქტაგონზე და მის გარეთ?

თოფურია: ძალიან მარტივი ურთიერთობა გვაქვს. ბავშვობაში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაზე რომ დავდიოდით, მწვრთნელი გვეუბნებოდა, “ტატამიზე ძმები არ ხართ, ეს დაივიწყეთ. აქ ძმები არ არსებობენ”. ასე ხდება ჩვენ შემთხვევაში, დარბაზს გარეთ ძმები ვართ, დარბაზში რიგითი პარტნიორები. ცხოვრებაში ბრწყინვალე ძმობა გვაქვს.

El Espanol: როგორ აღმოჩნდი UFC-ში? როგორ შეგამჩნია MMA-ის ყველაზე გავლენიანმა ორგანიზაციამ ალიკანტეს დარბაზში?

თოფურია: სიმართლე რომ გითხრათ, ეს ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. თითქოს ამისთვის თავს ვამზადებდი, მაგრამ სანამ რეალობად არ იქცევა, მაინც არ გჯერა. მითხრეს, რომ UFC კონტრაქტს გამიფორმებდა. მინდოდა დამეჯერებინა, თუმცა არ გამომივიდა. სანამ საბოლოო შეთანხმება არ მოხდა, ვერ ვირწმუნე. ვერ აღგიწერთ, როგორი ბედნიერი ვიყავი. საოცარი მომენტი იყო, 100 მილიონი ევრო რომ მოეცათ იმ დღეს, ასეთ გრძნობებს მაინც ვერ გამოიწვევდა. მე ხომ არაფრიდან მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ოქტაგონზე აღმოვჩნდი…

'არავინ ვიყავი, ოცნებებზე უარი რომ არ მეთქვა, 4 ადგილას ვმუშაობდი'

El Espanol: ხვალინდელ დღეს რომ შევხედოთ, რას გინდა ხაზი გაესვას, როცა ილია თოფურიაზე ისაუბრებენ?

თოფურია: მინდა, სიმართლე თქვან - სიმართლე ჩემ შესახებ. ის, რომ არავინ ვიყავი. ოცნებებზე უარი რომ არ მეთქვა, 4 ადგილას ვმუშაობდი. და ისიც, რომ შრომითა და თავდადებით ყველაფრის შექმნა შეიძლება. დაე, ეს სხვისთვის მაგალითი იყოს. ჩემზე სწორედ ეს მინდა ილაპარაკონ. 

El Espanol: MMA-ის ყველაზე სრულყოფილი მებრძოლი ხარ?

თოფურია: დიახ და ამას თავის მოსაწონებლად არ ვამბობ. ამ წლების მანძილზე სხვა მებრძოლებს ვუყურებდი, საუკეთესოებს. ვცდილობდი, გადმომეღო მათი ძლიერი თვისებები და ვცდილობდი ამ სპორტის საუკეთესო ნაწილის ჩემში გაძლიერებას. ბუნებაში ასე ხდება: ახალი თაობა წინას გამოცდილებას იზიარებს და ცოტათი სჯობნის მას. მაგრამ, ამასთანავე, მე ილია თოფურია ვარ. არასდროს გამიკეთებია, ის რაც კამარუ უსმანმა, კონორ მაკგრეგორმა ან ხაბიბმა შეძლეს, მაგრამ, რასაკვირველია, ვცდილობ, რომ მათზე უკეთესი გავხდე. შრომას ვაგრძელებ და ვნახოთ, ბედი რას მიმზადებს. შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესოობის სურვილით შეპყრობილი ვარ და ვიცი, ამ გრძნობას რაღაც უნდა მოვუხერხო. 

El Espanol: სიმშვიდეს რა განიჭებს?

თოფურია: ცხოვრებისგან ვისწავლე, რომ თითოეული მომენტით უნდა ისიამოვნო. ადრე ვერ ვაანალიზებდი, რომ სპორტში და მის მიღმა სირთულეებსაც აქვს დასასრული, ცხადია, კარგსაც. როცა სირთულის გადალახვის გემო გავიგე, შემდეგ შევიცვალე. ახლა ეს გამოცდილება მაქვს. არ აქვს მნიშვნელობა, რა მოხდება ჩემ ცხოვრებაში - ყველაფერს პოზიტიურად ვუდგები, მთელი პროცესისგან სიამოვნებას ვიღებ, კარგისგანაც, ცუდისგანაც, რადგან ეს მაყალიბებს იმ ადამიანად, ვინც ვარ. თითოეული სისუსტე მაძლიერებს. სიცოცხლისადმი ორი ხედვა არსებობს: რა საშინელებაა, რომ ვარდებს ეკლები აქვს და რა კარგია, რომ ზოგიერთ ეკალზე ვარდი იზრდება. ყველაფერი სრულყოფილი და გენიალურია, მე ასე ვხედავ.

სპორტსმენების ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება, ადამიანები უფრო დიდ სცენაზე გადავდივართ და ამის საფასური კრიტიკაა, რომელსაც უნდა შევეგუოთ. მე იმიტომ მაკრიტიკებდნენ, რომ თავდაჯერებული ვარ. თავიდან შოკში ვიყავი, არასდროს მიმაჩნდა, რომ თვითრწმენა და თავმდაბლობა ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

UFC-ის ჩემპიონი რომ გავხდე, ან რასაც უნდა მივაღწიო, წაგებისა თუ მოგების მიუხედავად, დედაჩემისთვის მაინც ერთი და იგივე ადამიანი ვიქნები. მეგობრები პატარაობიდან მომყვებიან, პროფესიონალურსა და პირადს ერთმანეთისაგან განვაცალკევებ. ჩემს მეტოქესთან ურთიერთობაში პირადს არასდროს შევეხები. არასდროს არაფერს ვიტყვი მის ოჯახზე, რელიგიაზე, ცოლზე. თუკი ვინმეზე რამეს ვამბობ, ეს მხოლოდ მათ სპორტულ ნაწილს შეეხება, უფრო შორს არ მივდივარ. სამუშაო და პირადი ცხოვრება ერთმანეთისაგან განსხვავდება. როცა ქუჩაში გავდივარ, მე ილია ვარ და არა “მატადორი”. 

El Espanol: წინსვლის გასაგრძელებლად რომელი მოგონებების გახსენება გიყვართ ყველაზე მეტად? 

თოფურია: 15 წლის ვიყავი, როცა ჩემმა უფროსმა ფული მასესხა ველოსიპედის საყიდლად. ველოსიპედი სამსახურში მისასვლელად მჭირდებოდა. ახლა ბავშვებისთვის ველოსიპედის ყიდვა მეც შემიძლია… და ვერ წარმოიდგენთ, როგორ სიხარულს მანიჭებს ის, რომ არსაიდან მოვედი და ახლა რაღაც კარგის გაკეთება შემიძლია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები