Thumbnail
  • მარკოს გირონი 1:6, 4:6, 2:6 რაფაელ ნადალი
  • რაფამ მისია სახელწოდებით 21-ე დიდი სლემი, წარმატებით დაიწყო

ნოვაკ ჯოკოვიჩის ტურნირიდან მოკვეთის და ქვეყნიდან დეპორტაციის შემდეგ, დიდი სლემის წლის პირველ ტურნირზე მისი კონკურენტების შანსები გაცილებით გაიზარდა. გამარტივდა რაფაელ ნადალის მისიაც - მოიგოს 21-ე დიდი სლემი კარიერაში, გადაასწროს ჯოკოვიჩსა და როჯერ ფედერერს (20-20) და გახდეს აბსოლუტური რეკორდსმენი.

35 წლის ესპანელმა აღნიშნული მისიის შესრულება წარმატებით დაიწყო და ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში ამერიკელი მარკოს გირონი ძალიან დამაჯერებლად, 6:1, 6:4, 6:2 დაამარცხა.

“ფანტასტიკურია, რომ ისევ აქ ვარ. მიხარია, რომ პირველი ბარიერი დავძლიე,” - განაცხადა მატჩის შემდეგ ნადალმა, რომელსაც ავსტრალიის ღია პირველობა აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2009 წელს აქვს მოგებული. მისი მომდევნო მეტოქე ან ავსტრალიელი თანასი კოკინაკისი იქნება, რომელმაც ახლახან ადელაიდეში თავისი პირველი ATP-ტიტული მოიგო, ანაც გერმანელი იანიკ ჰოფმანი.

“არასდროს იცი, როგორ ფორმაში ხარ, როცა ტრავმების შემდეგ ბრუნდები. ამიტომ, თითქმის უპრობლემო მოგება ძალიან სასიხარულოა,” - ესეც ნადალის სიტყვებია, რომელმაც წინა სეზონი ნაადრევად, აგვისტოში დაასრულა, დეკემბერში კი კორონავირუსი დაუდასტურდა.

წლის პირველი დიდი სლემის მოსამზადებელი ATP-ტურნირი ესპანელმა ასევე მარტივად, სეტის წაუგებლად მოიგო, ახლა კი ავსტრალიის ღია პირველობის პირველ შეხვედრაშიც დამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ რაფა ცუდ ფორმაში ნამდვილად არ არის…

კომენტარები

ბოლო ამბები