Thumbnail
  • ერთობლივი ინტერვიუ გერმანული ფეხბურთის ლეგენდებთან
  • ჰორსტ ეკელი, ფრანც ბეკენბაუერი, ლოთარ მათეუსი და ფილიპ ლამი ერთად

გერმანულმა ტაბლოიდმა “ბილდმა” მუნდიალის დაწყებამდე 1 კვირით ადრე, 4 გერმანელი მსოფლიოს ჩეპიონი, 4 ლეგენდარული ფეხბურთელი ერთად შეკრიბა და გულახდილად ალაპარაკა. ჰორსტ ეკელი, ფრანც ბეკენბაუერი, ლოთარ მათეუსი და ფილიპ ლამი - გერმანიის ფეხბურთის მუზეუმმა თასები სპეციალურად ამ ფოტოსესიისთვის გამოყო.

BILD: ჩვენ ახლა მიუნხენის ოლიმპიაშტადიონის გასახდელში ვიმყოფებით - ზუსტად ისე, როგორც მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიის ნაკრები 1974 წლის ფინალის წინ. არის თუ არა ფეხბურთელისთვის გასახდელი განსაკუთრებული ადგილი?

ჰორსტ ეკელი: ჩვენთვის გასახდელი უბრალოდ სამუშაო ოთახი იყო. თქვენთვის?

ფრანც ბეკენბაუერი: ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც დიდი მატჩის წინ მშვიდად ხარ. ერთადერთი ადგილი, სადაც შეგიძლია მოდუნდე, საკუთარ თავთან განმარტოვდე და კონცენტრირება მოახდინო. ჰო, ჩვენ დროს მობილური ტელეფონები არ არსებობდა...

ლოთარ მათეუსი: ადრე, როცა ბეკენბაუერი გერმანიის ნაკრების მწვრთნელი იყო, გასახდელიდან ყოველთვის აგდებდა იმ ფეხბურთელებს, რომლებიც განსაკუთრებულ მოთამაშეთა სიაში არ იყვნენ.

ბეკენბაუერი (იცინის): კი არ ვაგდებდი, არამედ გასვლას ვთხოვდი - ჩემი საქვეყნოდ ცნობილი, მშვიდი ტონით.

ფილიპ ლამი: გასახდელი ყოველთვის საკუთარი სახლის განცდას მიტოვებდა. ყოველთვის ვიცოდი, ვინ იჯდა ჩემს გვერდით. ეს თომას მიულერი გახლდათ და, შესაბამისად, სიმშვიდე გამორიცხული იყო.

BILD: როგორ ფიქრობთ, ოდესმე პირდაპირ ეთერში ვნახავთ გუნდის გასახდელს?

მათეუსი: დარწმუნებული ვარ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ესეც მოხდება. ისეთი რაღაცები გველის, რასაც ახლა ვერც კი წარმოვიდგენთ. 20 წლის წინ ვინმე იფიქრებდა, რომ გასახდელში ფეხბურთელების ზეიმს 1 წუთში მთელი მსოფლიო ნახავდა?

ლამი: მეც მიმაჩნია, რომ ეს მალე მოხდება. თუმცა მგონია, რომ გასახდელი ფეხბურთელების განმარტოების ადგილად უნდა დარჩეს.

BILD: ჰერ ეკელ, 1954 წელს თქვენ ბერნის გმირებიდან ყველაზე ახალგაზრდა იყავით. როგორ შეცვალა იმ ტიტულმა გერმანია?

ეკელი: სიმართლე გითხრათ, მხოლოდ გერმანიაში დაბრუნების შემდეგ მივხვდით, რეალურად რას მივაღწიეთ და როგორი გმირები ვიყავით. ეს მაშინ მოხდა, როცა მატარებელი სადგურზე შევიდა და საზეიმოდ მოსული უამრავი ადამიანი დავინახეთ. ამ ტიტულმა გერმანიას ახალი თავდაჯერება შესძინა. ამ ტიტულის შემდეგ თავები ისევ მაღლა ავწიეთ!

ბეკენბაუერი: თამამად ვიტყვი, რომ 1954 წლის ტიტული გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება იყო. ამ ტიტულმა გერმანია მსოფლიო საზოგადოებაში დააბრუნა.

მათეუსი: იცით, რა მაინტერესებდა ყოველთვის? როდესაც 1954 წლის ტრიუმფზე საუბრობენ, ყველა მხოლოდ მწვრთნელ ზეპ ჰერბერგესა და კაპიტან ფრიც ვალტერს ახსენებს. გუნდში სხვა არავინ იყო, ვისაც წონადი სიტყვა ეთქმოდა?

ეკელი: არა. სწორედ ეს ორი ადამიანი წყვეტდა, რა და როგორ უნდა ყოფილიყო, ვის რა უნდა ეთქვა და ა.შ.

BILD: ჰერ ბეკენბაუერ, ბერნის სასწაულის დღეს თქვენ 9 წლის იყავით. სად ნახეთ უნგრეთთან გამარჯვება?

ბეკენბაუერი: სამწუხაროდ, იმ დროს სახლში ტელევიზორი ჯერ არ გვქონდა. შესაბამისად, რადიო-რეპორტაჟს ვუსმენდით. როგორც კი მატჩი დამთავრდა, უბანში ოვაციები ატყდა. ჩვენ, პატარა ბიჭები მაშინვე გარეთ გამოვედით, როლები გავინაწილეთ და ფეხბურთის თამაში დავიწყეთ. მე ფრიც ვალტერი ვიყავი. ბოდიში, ჰორსტ…

ეკელი: არა უშავს ფრანც.

BILD: ჰერ მათეუს, 1974 წლის ფინალის დღეს 13 წლის იყავით. თქვენ ვისი როლი გერგოთ ეზოში?

მათეუსი: იმ დიდი ფეხბურთელის, რომელსაც მაშინდელ მუნდიალზე არანაირი როლი არ უთამაშია - გიუნტერ ნეტცერს ვგულისხმობ. ნეტცერი ჩემი კუმირი იყო.

ლამი: მე ყველაზე პატარა ვარ. 1990 წლის მუნდიალზე ორი ფეხბურთელით ვიყავი აღფრთოვანებული - პირველი შენ იყავი, ლოთარ, მეორე - პიერ ლიტბარსკი. შესაძლოა იმიტომ, რომ ორივე ჩემსავით დაბლები იყავით... (იცინის)

BILD: რას ნიშნავდა 74 წლის ტრიუმფი ქვეყნისთვის?

ბეკენბაუერი: ამ ჩემპიონატის 1954 წლის სასწაულთან შედარება არ შეიძლება. 74-ში გერმანია ეკონომიკურად ისევ ძლიერი ქვეყანა იყო, თქვენ კი, ჰორსტ, 54-ში მხოლოდ პატრიოტული გრძნობებით განმსჭვალულნი თამაშობდით. ცხადია, ჩვენც ძალიან გვიყვარდა გერმანია და ჩვენც გერმანიისთვის ვიბრძოდით, მაგრამ უკვე სხვა მოტივაციებიც ბევრი იყო. 74 წლის მუნდიალის წინ გერმანიის საფეხბურთო კავშირთან პრემიების შესახებ საკმაოდ მკაცრი მოლაპარაკებები გვქონდა… ხომ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ?

BILD: 1990 წელს აღმოსავლეთ გერმანელმა ფანებმა პირველად იზეიმეს დასავლეთ გერმანელებთან ერთად. თუმცა, აღმოსავლეთის ფეხბურთელებს არ უთამაშიათ…

მათეუსი: 1989/90 წლების სეზონში მილანის ინტერის ფეხბურთელი ვიყავი და იტალიაში ვცხოვრობდი, რის გამოც გერმანიის გაერთიანება რეალურად მუნდიალის დროს ვიგრძენი. გდრ-ელი ფანები ძალიან მაგრად ზეიმობდნენ. მინდა ვთქვა, რომ 1990 წლის გუნდი გაცილებით ჰარმონიული იყო, ვიდრე 4 წლის წინანდელი მექსიკაში.

ლამი: ზუსტად ისე, როგორც ჩვენ შემთხვევაში. ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე, როცა იტალიასთან წავაგეთ, გუნდში ყველაფერი იდეალურად არ იყო. მაშინ დაშვებულ შეცდომებზე ვისწავლეთ და შედეგი ორი წლის შემდეგ, 2014 წლის მუნდიალზე მივიღეთ. უდიდესი მარცხი ადამიანს ხშირად ძალიან აძლიერებს.

მათეუსმა 1990 წლის საჩემპიონო მაისურა მოიტანა

BILD: შეუძლია თუ არა იოახიმ ლიოვს რუსეთიდან მეხუთე ჩემპიონობის ჩამოტანა?

ეკელი: დიახ, ჩვენ გუნდს ამ მუნდიალის მოგებაც შეუძლია.

მათეუსი: ტიტულისთვის ბრძოლაში ჩვენი უმთავრესი კონკურენტები ბრაზილია, ესპანეთი და საფრანგეთი იქნებიან. და, ცხადია, არგენტინაც - ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ მესი მუნდიალზე 7 შესანიშნავ მატჩს ჩაატარებს.

ლამი: წარსული გვიჩვენებს, რომ ზედიზედ ორი ჩემპიონობის მოპოვება ძალიან ძნელია, მაგრამ კარგი გუნდი გვყავს და ეს ოპტიმისტურად განგვაწყობს.

მათეუსი: ვგრძნობ, რომ ჩვენი გუნდი დანაყრებული არ არის. საკვალიფიკაციო ეტაპზე ათივე მატჩის მოგება სწორედ ამის დასტურია.

BILD: ბოლო მუნდიალი, რომელზეც გერმანია მსოფლიოს ჩემპიონის რანგში წავიდა, 1994 წლის ტურნირი იყო. მაშინ მეოთხედფინალში დავმარცხდით…

მათეუსი (იცინის): უმჯობესია, პოზიტიურ თემებზე ვისაუბროთ. აქ ხომ მსოფლიოს 4 ჩემპიონი ვზივართ…

BILD: ჰერ ეკელ, ისურვებდით, რომ 60 წლით გვიან დაბადებულიყავით?

ეკელი: დიახ, ხანდახან ძალიან მინდა, რომ დღევანდელ ფეხბურთში მეთამაშა. არა იმიტომ, რომ დღეს ფეხბურთში ბევრი ფული იშოვება, არამედ პირველ რიგში იმის გამო, რომ დღეს ფეხბურთელი ზოგადად გაცილებით უფრო აღიარებულია.

ბეკენბაუერი: იცით, მე რისი მშურს? დღევანდელი მინდვრის საფარი უნაკლოა. ჩვენ ყინულზე, თოვლსა და ტალახშიც ვთამაშობდით. წვიმის დროს ტყავის ბურთები ქვებივით მძიმდებოდა.

BILD: საუკეთესო დროში თამაში ფილიპ ლამს მოუწია…

ლამი: დროს ვერ შეარჩევ. ვფიქრობ, ყველანი მადლობლები უნდა ვიყოთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონები ვართ. მე ყოველთვის თვალწინ მედგა ის კადრი, როცა ლოთარ მათეუსს 1990 წელს მსოფლიო თასი გადასცეს. მთელი ბავშვობა იმაზე ვოცნებობდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს მეც გამეკეთებინა. 2014 წელს, როცა დაჯილდოვების ცერემონიალი ახლოვდებოდა, ასევე ლოთარი წარმომიდგა თვალწინ. და სწორედ იმ მომენტში, მხოლოდ მე ვიცოდი, რომ გერმანიის ნაკრებში ჩემი უკანასკნელი მატჩი ჩავატარე.

მათეუსი (იცინის): როგორ? შენ ეს გაზეთ “ბილდზე” ადრე იცოდი?

BILD: ოთხივე ყოფილი ფეხბურთელი ხართ. ოცნებობთ ხოლმე, რომ ახლაც ფეხბურთს თამაშობდეთ?

ლამი: დიახ, რა თქმა უნდა. მე უფრო გარკვეულ სიტუაციებზე მიოცნებია - მაგალითად, გასახდელში ყოფნის მომენტზე, ან იმ წამებზე, როცა მოედანზე გადიხარ.

ბეკენბაუერი: მე სულ სხვა რაღაცებზე ვოცნებობ ხოლმე, მაგრამ ჩემს ოცნებებს ჩემთვის შევინახავ.

BILD: აქვს თუ არა თანამედროვე ფეხბურთელს მშობლიური კლუბის განცდა? თუ ფულია ყველასათვის მთავარი?

ლამი: მე მხოლოდ საკუთარი თავიდან გამომდინარე შემიძლია ლაპარაკი. ჩემთვის მშობლიური გარემოს განცდა და მეგობრები ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მიუნხენიდან წასვლის მიზეზი არასდროს მქონია. შანსი კი იყო…

BILD: მაინც, სად გეპატიჟებოდნენ?

მათეუსი: ეგ ხომ ყველამ იცის.

ლამი (იცინის): ამ კითხვას ლოთარი უპასუხებს.

მათეუსი: ბარსელონა! ფილიპის მსგავსი ადამიანები ცოტანი დარჩნენ. ვგულისხმობ ისეთებს, ვინც თავისი კლუბის ერთგულია და მშობლიურ გუნდს ფულზე არ ყიდის.

BILD: სად არის თქვენთვის მშობლიური ადგილი?

ლამი: თუნდაც აქ, “ოლიმპიაშტადიონზე”. იმიტომ, რომ წლების მანძილზე წორედ ამ არენაზე ვიყავი ბურთის მიმწოდებელი და სტადიონთან ისე ახლოს ვცხოვრობდი, რომ ფანების ხმა სახლში გვესმოდა ხოლმე. კიდევ “ალიანც არენა” და ბაიერნის ოფისი ზებენერშტრასეზე.

ეკელი: ჩემთვის ფოგელბახი პფალცის მხარეში - ადგილი, სადაც მთელი ცხოვრება გავატარე.

მათეუსი: ბავშვობაში ჩემი მშობლიური ადგილი ჰერცოგენაურახი იყო. ბოლო წლებში ასეთი ადგილი უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი გახდა. ბუდაპეშტში თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ.

ბეკენბაუერი: გიზინგი - სადაც გავიზარდე. ასევე ყველა ის ადგილი, სადაც ფეხბურთს ვთამაშობდი და ვცხოვრობდი. ნიუ იორკი, ჰამბურგი, კარიერის დასრულების შემდეგ კიტცბიუჰელი, ახლა კი ზალცბურგი. მნიშვნელობა არა აქვს, სად იცხოვრებ - მთავარია, იმის თამამად თქმა შეგეძლოს, რომ ცხოვრებაში ცოტა შეცდომა დაუშვი.

კომენტარები

ბოლო ამბები