Thumbnail

სეზონის პირველი ტიტული - რეალმა ესპანეთის სუპერთასი მოიგო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • რეალი 2:0 ბილბაო | გოლები: 1:0 მოდრიჩი (38), 2:0 ბენზემა (52. პენ)
  • მადრიდის რეალმა ესპანეთის სუპერთასი მე-12-ედ მოიგო

მადრიდის რეალმა ესპანეთის სუპერთასის ფინალში ბილბაოს ატლეტიკი დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი ტიტული მოიგო.

ბილბაო თასის მოქმედი მფლობელი იყო: ერთი წლის წინ ფინალში ბარსელონას აჯობა. ბასკურმა გუნდმა ფინალში გასვლა ამჯერადაც მოახერხა, მაგრამ ტიტული ვერ დაიცვა, რადგანაც "სამეფო კლუბი" მაგარ ფორმაშია.

მადრიდელებმა გოლები პირველი ტაიმის ბოლოს და მე-2 ნახევრის დასაწყისში გაიტანეს. ანგარიში ლუკა მოდრიჩმა როდრიგოს პასით გახსნა, ხოლო საბოლოო ანგარიში ქარიმ ბენზემამ პენალტით დააფიქსირა - 2:0.

ბილბაოს შეეძლო თამაშის დაძაბვა, მაგრამ 89-ე წუთზე რაულ გარსიამ პენალტი ცუდად შეასრულა: ტიბო კურტუამ აჯობა და გამარჯვებაში თავისი წვლილიც შეიტანა.

ბენზემას ამ სეზონში უკვე 24 გოლი აქვს გატანილი

მადრიდის რეალმა ისტორიაში მე-12-ედ მოიგო ესპანეთის სუპერთასი, კარლო ანჩელოტიმ კი - პირველად. ამასთან, იტალიელისთვის რეალში დაბრუნების შემდეგ ეს პირველი ტიტულია.

საინტერესო ფაქტები

ქარიმ ბენზემა გახდა მე-2 ფეხბურთელი 2010 წლის შემდეგ, რომელმაც ესპანეთის სუპერთასზე ზედიზედ ოთხ მატჩში გაიტანა (4 გოლი). მანამდე, ლიონელ მესიმ სუპერთასის მიჯრით 5 თამაშში 8 გოლი გაიტანა.

ბენზემამ ბილბაოს კარში მე-18 გოლი გაიტანა: ბასკური გუნდის წინააღმდეგ ფრანგს ყველაზე მეტი გოლი აქვს.

ლუკა მოდრიჩი ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე გახდა, რომელმაც ესპანეთის სუპერთასზე გოლი გაიტანა (36 წლისა და 129 დღის). ხორვატმა ამ ტურნირზე მე-2 გოლი გაიტანა, მანამდე 2020 წელს ნახევარფინალში ვალენსია დაამწუხრა.

როდრიგომ რეალის მაისურით პირველად მოახერხა ზედიზედ სამ თამაშში საგოლე კომბინაციაში უშუალო მონაწილეობა. მან ამ სერიის დროს 3 საგოლე პასი გააკეთა და ეს იგივე შედეგია, რაც მანამდე ჩატარებულ 21 შეხვედრაში ჰქონდა.

ტიბო კურტუამ რეალის რიგებში ზედიზედ 2 პენალტი პირველად მოიგერია. მანამდე ბელგიელს 2 პენალტი 19 მცდელობიდან ჰქონდა მოგერიებული (არ შედის პენალტების სერიის სტატისტიკა).

რეალმა ბილბაოსთან ისტორიაში პირველად მოიგო ერთრაუნდიანი დაპირისპირება, მას მერე, რაც ბასკურ გუნდთან სამეფო თასზე ერთმატჩიან დუელში 5-ჯერ დამარცხდა (1916, 1933, 1939, 1943 და 1958 წლებში).

⚽ მარსელომ რეალში 23-ე ტიტული მოიგო, რითაც პაკო ჰენტოს გაუტოლდა და "სამეფო კლუბის" ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი გახდა.

რეალი 2:0 ბილბაო

გოლები: 1:0 მოდრიჩი (38), 2:0 ბენზემა (52. პენ).

რეალი (4-3-3): კურტუა - ვასკესი (90. ნაჩო), მილიტაო, ალაბა, მენდი - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - როდრიგო (64. ვალვერდე), ბენზემა, ვინისიუსი (86. მარსელო).

ბილბაო (4-4-2): სიმონი - დე მარკოსი, ალვარესი, მარტინესი, ბალენსიაგა (58. ბერჩიჩე) - ბერენგერი (46. ნ. უილიამსი), დ. გარსია, სარაგა (58. ვესგა), მუნიანი (81. სერანო) - სანსეტი (58. რ. გარსია), ი. უილიამსი.

კომენტარები

ბოლო ამბები