Thumbnail

'10 ბრძოლიდან ცხრას მოვუგებდი' - გიგა ჭიკაძე ჩხუბზე, ტრავმებსა და გეგმებზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

გიგა ჭიკაძემ UFC-ში მერვე ბრძოლა ჩაატარა და ზედიზედ შვიდი გამარჯვების შემდეგ პირველად დამარცხდა. გიგამ ამერიკელ კელვინ კატართან 5-რაუნდიან დაპირისპირებაში წააგო. 33 წლის ქართველი მებრძოლი ამჟამად ლას ვეგასში, საავადმყოფოშია, სადაც ბრძოლის შემდეგ გადაიყვანეს, რადგან სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღო.

გიგამ ფეისბუქსში ლაივ-ვიდეო გამოაქვეყნა და ბრძოლის შესახებ ილაპარაკა. როგორც მან აღნიშნა, კელვინ კატართან 10-დან 9 ბრძოლას მოიგებდა, მაგრამ ამჯერად სწორედ ის ერთადერთი გამონაკლისი დღე იყო. გიგა დარწმუნებულია, რომ მომავალში უფრო ძლიერი დაბრუნდება და მსგავს შეცდომებსაც აღარ დაუშვებს:

გიგა ჭიკაძე: "ჩვენი დღე არ იყო, არ გამოგვივიდა, მაგრამ რას ვიზამთ. ახლა, ლას ვეგასში, საავადმყოფოში ვარ, ცხვირი მოტეხილი, თვალის ძვალი გატეხილი და ტვინში სისხლჩაქცევები მაქვს. ამიტომ მაკვირდებიან და ცოტა ხანი აქიდან არ გამიშვებენ, რადგან დააკვირდებიან, რომ სისხლჩაქცევები არ გაგრძელდეს, თორემ მერე შეიძლება თავის ოპერაცია დამჭირდეს. დიდი ალბათობით, ყველაფერი კარგად იქნება.

ვწუხვარ, რაც მოხდა. გული ძალიან გატეხილი მაქვს, განსაკუთრებით იმით, რომ ფანებს გამარჯვებას დაგპირდით. თუმცა, ამ ჩხუბიდან ნამდვილად დიდი გამოცდილება მივიღე და იმ შეცდომებს აღარ დავუშვებ, რაც დავუშვი. ვფიქრობ, პირველი რაუნდი კარგად დავიწყე, მაგრამ ცოტა ვიჩქარე. ადრენალინმა ძალიან იჭარბა, ყოველთვის ეგ პრობლემა მქონდა, ბავშვობაშიც სიჩქარე მიყვარდა და ემოციებს ვერ ვთოკავდი. ახლაც ანალოგიური რამ დამემართა, რაც სწორი ნამდვილად არ არის. მითუმეტეს ჩემნაირი სპორტსმენისგან, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ასეთი შეცდომები არ უნდა დამეშვა, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა.

თავს ისე ვგრძნობ, რომ მაგ ბიჭთან (კელვინ კატართან) 10-დან 1 ბრძოლას თუ წავაგებდი და გუშინ იყო ეგ დღე. გული მწყდება იმაზე, რომ კარგი სერია მქონდა და ახლოს ვიყავი დასახულ მიზანთან. თუმცა, ამაზე უფრო რთული რაღაცებიც გადამიტანია ცხოვრებაში და წამითაც არ გეგონოთ, რომ დავნებდები. ათჯერ და ასჯერ უფრო ძლიერი დავბრუნდები, ცოტა ტრავმებს მივხედავ და მერე გაჩვენებთ, რაც მოხდება. არ ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ მე მაინც გავერთე, მიყვარს ჩემი საქმე, ვგიჟდები იმაზე, რასაც ვაკეთებ. არ გამოვიდა, რასაც ვგეგმავდი, მაგრამ გამოვასწორებ და მომავალში უფრო ძლიერი დავბრუნდები. ყველას მადლობა გულშემატკივრობისთვის და გული მწყდება, რომ ძველით ახალი წელი სათანადოდ ვერ მოგილოცეთ. არადა, ბევრი კარგის თქმა მინდოდა. ყველაფერი კარგად იქნება და მალე დაგიბრუნდებით".

Posted by GIGA CHIKADZE on კვირა, 16 იანვარი, 2022


შეგახსენებთ, რომ კელვინ კატარი გამარჯვებული 25 წუთიანი ბრძოლის შემდეგ, მსაჯების გადაწყვეტილებით (50:45, 50:45, 50:44) გახდა. მან UFC-ს კარიერაში მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა. 33 წლის ქართველი მებრძოლი, როგორც უკვე ვთქვით, UFC-ში ზედიზედ 7 ბრძოლის მოგების შემდეგ პირველად დამარცხდა.

გიგა ჭიკაძე UFC-ში 2019 წლიდან გამოდის. ქართველი მებრძოლი ამჟამად ნახევრადმსუბუქი წონის რეიტინგში მე-8 პოზიციაზეა. კელვინ კატართან (5) გამარჯვების შემთხვევაში, მას რეიტინგის ხუთეულში მოხვედრა გარანტირებული ექნებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები