Thumbnail

საბა გიგიბერიას ჯორჯია სტეიტმა NCAA-ს მორიგ მატჩში ჩრდილოეთ კაროლინასთან მოულოდნელად დიდი ანგარიშით – 65:88 წააგო, ქართველმა კალათბურთელმა კი მოედანზე 14 წუთი გაატარა.

საინტერესოა, რომ ახალგაზრდა ქართველი ცენტრისთვის აღნიშნული დრო სარეკორდოა: აქამდე, ასევე 14 წუთი მხოლოდ ორ შეხვედრაში დაუთმეს, ჯორჯია სტეიტ პანტერსთან და დუკთან. ისიც სათქმელია, რომ გიგიბერიას სამივე 14-წუთიანი თამაში ბოლო ოთხ მატჩზე მოდის, რაც იმედს იძლევა, მისდამი მწვრთელის ნდობა იზრდება.

გასულ შეხვედრაში გიგიბერიას მონაგარი 4 ქულა (3-დან 2 ორქულიანი), 4 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება და 2 ჩაჭრაა. ეს უკანასნელი მაჩვენებელი საბასთვის მიმდინარე სეზონში სარეკორდოა, პასივში კი 4 პერსონალური ფოლი და 2 აცილებული საჯარიმო ჰქონდა. ქართველი კალათბურთელის იელოუ ჯეკეტსს მიმდინარე სეზონში 7 მოგება და 9 მარცხი გააჩნია, მომდევნო შეხვედრას კი 19 იანვარს ვეიკ ფორესტთან ჩაატარებს.

ზურაბ ჟღენტი დაფარების მცდელობისას

წარუმატებელი მატჩი ჰქონდა ზურაბ ჟღენტის ნორსვესტერნ სტეიტსაც, რომელმაც საუსისტერნ ლუიზიანასთან 74:79 წააგო. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 7 წუთი გაატარა და 2 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. ჟღენტმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. ნორსვესტერნს 18 მატჩში მხოლოდ 4 მოგება აქვს, 20 იანვარს კი ნიკოლსს გაეჯიბრება.

წააგო დეტროიტ მერსიმაც, რომლის ღირსებასაც ვილი ისიანი იცავს. ტიტანსი კლივლენდ სტეიტთან 70:72 დამარცხდა, ქართველ ფორვარდს კი 7 წუთში ფარისთვის არ შეუტევია და მხოლოდ 1 მოხსნას, 2 პასსა და 1 დაფარებას დასჯერდა. ვილის პასივში 2 პერსონალური ფოლი ჰქონდა. დეტროიტ მერსის 5 მოგება და 9 მარცხი აქვს, მომდევნო თამაში კი 20 იანვარს გრიინ ბეისთან ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები