Thumbnail

‘გახდაც კი მომთხოვეს’ - ჩეხი ჩოგბურთელი ავსტრალიელებისგან კომპენსაციას ითხოვს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ისევე, როგორც ნოვაკ ჯოკოვიჩს, რენატა ვორაჩოვასაც ე.წ. “სამედიცინო გამონაკლისის” საბუთები ჰქონდა და ავსტრალიაში ჩავიდა. ჩეხი ჩოგბურთელი ქვეყანაში არ შეუშვეს - მისი დეპორტაცია მალევე განხორციელდა. სამშობლოში დაბრუნებულმა დაკითხვის დეტალებზე გულახდილად ისაუბრა და ავსტრალიის ჩოგბურთის ფედერაციისგან კომპენსაციას ითხოვს.

“კომპენსაცია, რომელსაც ვითხოვ, ცოტა არ იქნება. თვითმფრინავის ბილეთებში 2460 ევრო გადავიხადე. ასევე გადახდილი მქონდა სასტუმროს, კორტისა და ვარჯიშის თანხებიც,” - უთხრა ვორაჩოვამ ჩეხურ გაზეთ “დენიკს”.

ჯოკოვიჩისგან განსხვავებით, ჩეხს არ მიეცა იმის საშუალება, რომ დეპორტაციის წინააღმდეგ სასამართლოში ებრძოლა: “ცოტა არ იყოს, გაბრაზებული ვარ, რომ ადვოკატებმა და ჩემმა გუნდმა არც კი სცადა ავსტრალიელთა გადაწყვეტილების გასაჩივრება. ვფიქრობ, ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ მე შესაბამის თანხებს ვერ გადავიხდიდი,” - ეს სიტყვები BBC Radio 5-თან ინტერვიუდანაა.

38 წლის ვორაჩოვაც ზუსტად იმ სასტუმროში იმყოფებოდა, რომელშიც ჯოკოვიჩი გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ავსტრალიაში შესვლის უფლება არ მისცეს. ჩეხი ჩოგბურთელი ამბობს, რომ ემიგრანტებისთვის განკუთვნილი სასტუმრო საშინელი ადგილი იყო, რომელსაც ჯერაც ვერ ივიწყებს: “შოკში მყოფი ვიძინებდი და ვიღვიძებდი. ის ყველაფერი დღემდე ვერ დავივიწყე.”

ვორაჩოვაც ზუსტად იმ სასტუმროში იმყოფებოდა, რომელშიც ჯოკოვიჩი

მან უფრო უსიამოვნო დეტალებზეც ისაუბრა: “საზღვარზე დაკითხვა ძალიან დიდხანს გაგრძელდა. ტანსაცმლის გახდაც მომთხოვეს. ამაზე შესაბამისი რეაქცია მქონდა და მაინც მეუბნებოდნენ, გაიხადე, გაიხადეო. მომხდარზე ფიქრი აღარ მინდა. იქ 6 საათი მაინც ვიყავი. ამ ყველაფერს ყველაზე ცუდ ფიქრებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი.”

ვორაჩოვას იმედი აქვს, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს გაამართლებენ და მას ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშის შესაძლებლობა მიეცემა. “ჩვენ სპორტსმენები ვართ და იქ იმიტომ ჩავედით, რომ ჩოგბურთი გვეთამაშა და არა იმისთვის, რომ კულისებს მიღმა ასეთი საშინელებები გამოგვეცადა.”

შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩს პარასკევს ავსტრალიის ვიზა ისევ გაუუქმეს, თუმცა მელბურნში რჩება. დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულის საკითხის საბოლოო გადაწყვეტას კვირას უნდა ველოდოთ, ორშაბათს კი წლის პირველი დიდი სლემი, ავსტრალიის ღია პირველობა იწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები