Thumbnail

PREVIEW | კატარი V ჭიკაძე - რა უნდა ვიცოდეთ უმნიშვნელოვანესი ბრძოლის წინ

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი

ეს არის ბრძოლა, რომელსაც დიდხანს ველოდით!

16 იანვარს, თბილისის დროით, დაახლოებით, 05:40 საათზე გიგა ჭიკაძე კალვინ კატარს დაუპირისპირდება. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს ბრძოლა ქართული MMA-ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია - ქართველი სპორტსმენი UFC-ის საჩემპიონო ბრძოლასთან არასდროს ყოფილა ისე ახლოს, როგორც ახლა. ამ ჩხუბში გამარჯვების შემთხვევაში, გიგა ტიტულზე ბრძოლის პრეტენდენტი გახდება. 21-ე საუკუნეში, საბრძოლო სპორტის სახეობებში პირველი და ბოლო ქართველი, რომელსაც მსგავსი რანგისა და პრესტიჟის წარმატების მიღწევის რეალური შანსი ჰქონდა, ავთანდილ ხურციძე იყო. ცხადია, გიგა ჭიკაძის ისტორია “ჩაქუჩასგან” განსხვავებულია და მოვლენების განვითარებასაც განსხვავებულად ველოდებით.

გიგამ UFC-ში ასპარეზობა 2019 წელს დაიწყო და 2020 წლის ბოლოსთვის ორგანიზაციაში 5 გამარჯვება დაუგროვდა. მიუხედავად ამისა, ქართველ “ნინძას” დივიზიონში საშიშ მებრძოლად არ აღიქვამდნენ. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. პირველი: მის მიერ დამარცხებული მეტოქეები წონის საუკეთესო სპორტსმენობიდან შორს იყვნენ. გარდა ამისა, გიგამ პირველი ხუთი ბრძოლიდან ვადაზე ადრე მხოლოდ ერთი მოიგო, ისიც “უსახელო” ჯეიმი სიმონსთან. მესამე კი ის გახლდათ, რომ პირველ ორ ჩხუბში ჭიკაძემ მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით იმარჯვა. გიგას სერიას (5-0) სერიოზულად მანამდე არ აღიქვამდნენ, სანამ UFC-ის ორი ლეგენდა - კაბ სვანსონი და ედსონ ბარბოსა ერთმანეთის მიყოლებით არ დაანოკაუტა. 

გიგა ჭიკაძე ქაბ სვანსონის წინააღმდეგ

ახლა კი ქართველი მებრძოლი სულ სხვა რანგშია - გიგას ყველა ტიტულზე ბრძოლის პრეტენდენტად აღიქვამს. UFC-ის ნახევრადმსუბუქ წონაში ჭიკაძეზე უფრო გრძელი მოგებათა სერია მხოლოდ ჩემპიონ ალექს ვოლკანოვსკის აქვს. ისიც აღსანიშნავია, რომ გიგა მე-8 ბრძოლაში რეიტინგის მე-5 ადგილისთვის იბრძვის, ვოლკანოვსკიმ კი UFC-ში მე-8 ბრძოლა ტიტულზე გამართა. მაგრამ სულერთია - ქართველმა კალვინ კატარი უნდა დაამარცხოს და როგორც დანა უაითმა თქვა, ჭიკაძე თავის შანსს აუცილებლად მიიღებს. 

გიგამ წინა კვირაში განაცხადა, რომ კალვინთან ბრძოლა მის კარიერაში ყველაზე რთული იქნება. ამის თქმის მიზეზიც აქვს - ჭიკაძეს ასეთი რეიტინგის მქონე მებრძოლთან აქამდე არ უჩხუბია. ამას გარდა, კატარი ძალიან უდრეკი სპორტსმენია, კარიერაში განცდილი 5 მარცხიდან ვადაზე ადრე მხოლოდ ერთი, ისიც 14 წლის წინ, მახრჩობელა ილეთით წააგო. ამერიკელი კარიერაში ნოკდაუნშიც ერთხელ აღმოჩნდა და მაქს ჰოლოუეის (ჰავაელი, სავარაუდოდ, UFC-ში საუკეთესო მოკრივეა) შემდეგ წონის საუკეთესო მოკრივეა. მოკლედ, გიგას წინ დიდი გამოცდა ელის და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, შეუძლია ბრძოლის შემდეგ ჰოლუეისა და ზაბიგ მაგომედშარიპოვის სახეები ნახოს.

კალვინ კატარი vs მაქს ჰოლოუეი

მებრძოლებს განსხვავებული სტილი აქვთ. კალვინ კატარი MMA-ში პორტირებული სტანდარტული მოკრივესავით იბრძვის, ფეხის გამოყენებასაც ცდილობს, მაგრამ ეს მისი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის. გიგას ძლიერი მხარე კი ფეხით მუშაობაა. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ ქართველი დისტანციაზე იჩხუბებს და ეცდება, მეტოქეს ზიანი ფეხის დარტყმებით მიაყენოს, რადგან ახლო ბრძოლაში კატარს დიდი უპირატესობა ექნება. ჭიკაძემ თქვა, კალვინი თეიქდაუნების გაკეთებას ეცდებაო, მაგრამ ეს უფრო წინასაბრძოლო ხრიკს ჰგავს. კატარს მსგავსი რამ ჰოლოუეისთან არ უცდია, არადა კარგად იცოდა, რომ საკრივო სტრატეგიით მაქსის დამარცხება წარმოუდგენლად რთული იყო. სხვათა შორს, კალვინს მეტოქემ იმ შეხვედრაში მუშტი 450-ზე მეტჯერ მოარტყა და მისი დანოკაუტება მაინც ვერ შეძლო. 

კალვინ კატარი ბოლოს ოქტაგონზე ზუსტად 1 წლის წინ გავიდა და ჰოლოუეისთან წაგების შემდეგ აღარ უბრძოლია. მას შემდეგ გიგამ კარიერის ორი უმნიშვნელოვანესი ჩხუბი მოიგო. ქართველი ფსიქოლოგიურად გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია - ზედიზედ მოპოვებულმა 7-მა გამარჯვებამ შეუძლებელია, თვითრწმენა არ შეგმატოს. 

ბუკმეიკერების აზრითაც, გიგა ჭიკაძე ბრძოლის აშკარა ფავორიტია. ფსონების დიდი ნაწილი სწორედ ქართველის სასარგებლოდ მოგებაზე თავსდება. 

საინტერესო ფაქტები

👊 გიგა ჭიკაძემ UFC-ში 7-დან 7 ბრძოლა მოიგო, აქედან ბოლო 3-ში ნოკაუტით იმარჯვა. 

👊 კალვინ კატარს UFC-ში 9 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან 6 მოიგო (4 ნოკაუტი).

👊 ორივე მებრძოლი 33 წლისაა, კალვინი გიგაზე 5 თვით უფროსია.

👊 კატარი UFC-ში გამართულ ბრძოლებში 1 წუთის მანძილზე მეტოქეს მუშტს საშუალოდ 5,07-ჯერ ურტყამს, რაც წონაში მე-10 შედეგია. 

👊 კალვინის მოქნეული მუშტების 42% მოწინააღმდეგეს ხვდება, ხოლო მეტოქის დარტყმების 50%-ის დაბლოკვას ახერხებს. 

👊 გიგა ჭიკაძე მეტოქეებს საშუალოდ 15 წუთში ნოკდაუნში 1,17-ჯერ გზავნის, რაც ნახევრადმსუბუქი წონის ისტორიაში მე-5 საუკეთესო შედეგია.

👊 გიგა მეტოქეებს საშუალოდ 1,41 დარტყმით მეტს უბრუნებს, რაც თავის წონაში მე-10 შედეგი გახლავთ. 

👊 ჭიკაძე მოწინააღმდეგეთა ძლიერი დარტყმების 64,7%-ს ბლოკავს, რაც ნახევრადმსუბუქ წონაში მე-9 შედეგია.

კომენტარები

ბოლო ამბები