Thumbnail

კორონავირუსი გადაიტანა და ბაიერნის მცველს გულზე პრობლემები აქვს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ალფონსო დევისს კორონავირუსი ათიოდე დღის წინ დაუდგინდა
  • მოგვიანებით კანადელ მცველს მიოკარდიტის ნიშნები გამოაჩნდა
  • 21 წლის ფეხბურთელის მდგომარეობაზე ნაგელსმანმა ისაუბრა

მიუნხენის ბაიერნის მცველ ალფონსო დევისს, რომელსაც ათიოდე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა, პრობლემები გულთან დაკავშირებით შეექმნა. 

21 წლის კანადელი ფეხბურთელის მდგომარეობის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ისაუბრა, რომლის თქმით, ვითარება დრამატული ნამდვილად არ არის, თუმცა დევისს მწყობრში ჩადგომისთვის გარკვეული პერიოდი დასჭირდება.

"ალფონსო დევისს, კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ, მსუბუქი მიოკარდიტის (გულის კუნთის ანთება) ნიშნები აქვს. მდგომარეობა დრამატული არ არის, მაგრამ მას მოუწევს რამდენიმე კვირის გამოტოვება, რადგან მკურნალობას დრო სჭირდება. 

დანამდვილებით არ ვიცით, მიოკარდიტი კორონავირუსმა გამოიწვია თუ არა. ამის ალბათობა არსებობს, თუმცა 100%-ით დარწმუნებული ვერ ვიქნებით", - თქვა ნაგელსმანმა.

ალფონსო დევისმა მიმდინარე სეზონში მიუნხენის ბაიერნის ღირსება ყველა ტურნირის 23 მატჩში დაიცვა და 6 საგოლე პასი მიითვალა. ახალგაზრდა ფეხბურთელს კორონავირუსი 5 იანვარს დაუდგინდა და იზოლაციაში გადასვლა მოუხდა, თუმცა თავს კარგად გრძნობდა.

მიუნხენის ბაიერნი უახლოეს მატჩს 15 იანვარს, გერმანიის ბუნდესლიგის მე-19 ტურში ჩაატარებს. იულიან ნაგელსმანის გუნდი, რომელიც სატურნირო ცხრილს 43 ქულით ლიდერობს, სტუმრად კიოლნს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები