Thumbnail
  • მილუოკი ბაქსი 118:99 გოლდენ სტეიტ უორიორსი
  • უორიორსისთვის ეს ისტორიულად საშინელი პირველი ტაიმი იყო
  • სტეფ კარიმ ბევრი ვერაფერი შეძლო, იანისმა კი - თითქმის ყველაფერი

ეს NBA-ს მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება უნდა ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მიუხედავად უკეთესი მეორე ტაიმისა, ზედმეტად ცალმხრივი მატჩი ვიხილეთ. თანაც, იყო მომენტები, როცა ერთი გუნდი სამარცხვინო მდგომარეობაშიც კი აღმოჩნდა…

არადა, ეს MVP-ობის ორი მთავარი კანდიდატის დუელი გახლდათ - ცხადია, იანის ანტეტოკუნმპოს და სტეფ კარის ვგულისხმობთ. თუმცა იმ დროს, როცა ეს სუპერვარსკვლავები სეზონის ყველაზე ძვირფასი მოთამაშის ტიტულისთვის თანაბრად იბრძვიან, უშუალოდ თამაშის დროს მათ გუნდებს შორის ძალიან დიდი განსხვავება იყო.

იანისმა სამმაგი დუბლი შეასრულა (30 ქულა, 12 მოხსნა, 11 პასი), კარის კი ძალიან ცუდი საღამო გამოუვიდა (მხოლოდ 12 ქულა, 4/11). კრის მიდლტონმა ბაქსისთვის 23 ქულა ჩააგდო, პუბლიკის საყვარელმა მოთამაშემ, ბობი პორტისმა კი გუნდს 20 ქულა და 7 მოხსნა შეაწია. საპირისპიროდ, გოლდენ სტეიტის ვერცერთი მოთამაშე ვერ გადასცდა 20-ქულიან ზღვარს - ყველაზე შედეგიანები კი ენდრიუ უიგინსი (16 ქულა) და ჯონათან კუმინგა (15) იყვნენ.

მილუოკიმ გოლდენ სტეიტი 118:99 დაამარცხა, მაგრამ საბოლოო ანგარიშიდან რეალურად არ ჩანს, სინამდვილეში როგორც მოუგო. საქმე ისაა, რომ მილუოკიმ პირველი ტაიმი 77:38 (!) მოიგო, რის გამოც იანისი და კომპანია მატჩის მეორე ნახევარში მოეშვნენ. ESPN-ის ცნობით, უორიორსს პირველი ტაიმი ასე არასდროს წაუგია მას შემდეგ, რაც კალიფორნიაში გადაინაცვლა (1962/1963).

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: იანისს და პორტისს პირველ ტაიმში 40 ქულა ჰქონდათ ჩაგდებული - უფრო მეტი, ვიდრე გოლდენ სტეიტს მთლიანად.

მამუკელაშვილი 5:43 წუთი ათამაშეს

აღსანიშნავია, რომ უორიორსს სათადარიგო შემადგენლობით ნამდვილად არ უთამაშია. სტივ კერის გუნდს მხოლოდ დრეიმონდ გრინი აკლდა. აქვე ვთქვათ, რომ მილუოკისაც ჰქონდა სერიოზული დანაკლისი - ჯრუ ჰოლიდეის სახით. მოქმედი ჩემპიონების ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა ამ უმნიშვნელოვანეს მატჩში 5:43 წუთი ითამაშა და მის აქტივში მხოლოდ 1 ასისტია.

Splash Brothers-დუეტს თამაში არ წაუვიდა. სტეფ კარიმ, როგორც გითხარით 12 ქულა ჩააგდო, ხოლო ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ გამოჯანმრთელებულმა კლეი ტომპსონმა კი - 11. მათ ჯამში 22 სროლიდან მხოლოდ 7 ჩააგდეს (4/13 სამქულიანი).

“კარგად ვხვდები, რომ ამ თამაშში უკანალში მაგრად ამოგვარტყეს, მაგრამ ჩვენ სეზონის რთულ ფაზაში ვართ,” - განაცხადა მატჩის შემდეგ გოლდენ სტეიტის მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა.

უორიორსს ბოლო 5 თამაშიდან 4 წაგებული აქვს და დასავლეთ კონფერენციაში 30 გამარჯვებითა და 11 მარცხით მე-2 ადგილზეა. NBA-ს მოქმედი ჩემპიონ მილუოკის კი 27 მოგება და 17 წაგება აქვს - მამუკელაშვილის გუნდი აღმოსავლეთში მე-4 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები