Thumbnail

2022 წელი საფრანგეთში მოთამაშე ქართველმა მორაგბეებმა ბრწყინვალედ დაიწყეს. საფრანგეთის ელიტარულ სარაგბო ლიგებში ახალი წლის პირველ კვირაში 5 ქართული ლელო დაიდო. ტოპ 14-ში 3 ქართული ლელო ვიხილეთ, ხოლო პრო დ2-ში ქართველებმა ორჯერ გამოიჩინეს თავი.

წლის პირველი ლელო ვასილ ლობჟანიძის ანგარიშზეა. პომ ტოპ 14-ის მე-14 ტურში ბრივს უმასპინძლა და 43:20 მოუგო. სტუმართა რიგებში სოსო ბეკოშვილმა, ლუკა ჯაფარიძემ და ვასილ ლობჟანიძემ ითამაშეს.

ლობჟანიძემ მატჩის მე-3 წუთზე მეტოქეები მარტივად მოატყუა და პო დაალელოვა. აღსანიშნავია, რომ პოს მოთამაშე ბექა გორგაძე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.


წლის მეორე ლელო ტოპ 14-ში თორნიკე ჯალაღონიას ანგარიშზეა. ბიარიცი ბორდოსთან 27:30 დამარცხდა და ჯალაღონია გუნდს ბონუს ქულის აღებაში დაეხმარა.


7 იანვარს პრო დ2-ში ორი ქართული ლელო დაიდო. ზურა ჟვანიას გრენობლმა ოიონასთან 10:38 წააგო. გრენობლის ერთადერთი ლელო ჟვანიამ დადო, რომელმაც თავი მატჩის ბოლო წუთზე გამოიჩინა.


ზაურ თევდორაშვილის ბურგ ენ ბრესი რუანს ესტუმრა და მეტოქეს 18:11 მოუგო. ანგარიში 11:11 იყო, როცა თევდორაშვილმა გამარჯვების ლელო დადო და თავის გუნდს მოგება გაუფორმა.


8 იანვარს TOP 14-ს მე-15 ტურში ლიონმა პოს უმასპინძლა და მეტოქეს 35:10 მოუგო. მასპინძელთა რიგებში შეხვედრის 44-ე წუთზე ლელო დავით ნინიაშვილმა დადო. ახალგაზრდა ქართველი მორაგბისთვის ეს პირველი ლელო იყო საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონში. ფაქტია, რომ ნინიაშვილი უმაღლესი დონის მორაგბედ ყალიბდებდა, რაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ძალიან დაეხმარება.


იმედია, ქართველი მორაგბეები საფრანგეთის ტოპ ლიგებში ასეთი წარმატებით გააგრძელებენ თამაშს, რადგანაც ''ბორჯღალოსნები'' 6 თებერვლიდან 20 მარტამდე რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ და ტიტულის მე-14-ედ მოგებას ეცდებიან, რითიც 2024 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობას ოფიციალურად გაინაღდებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები