Thumbnail

'მწვრთნელს ჩემი სტილის მოთამაშეები მოსწონს' - ნინიაშვილი ლელოსა და ლიონზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დავით ნინიაშვილმა ტოპ 14-ში პოსთან კარგად ითამაშა
  • 19 წლის მორაგბემ ლიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა

დავით ნინიაშვილისთვის გასული უქმეები დაუვიწყარი გამოდგა, რადგან 19 წლის "ბორჯღალოსანმა" საფრანგეთის ტოპ 14-ში სადებიუტო ლელო მიითვალა.

ლიონის მორაგბებმ ტოპ 14-ის მე-15 ტურში პოსთან მოგებულ მატჩში (35:10) შეძლო თავის გამოჩენა. მან მეტოქის ჩათვლის მოედანს 44-ე წუთზე უწია. საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურთან დავითმა ლელოს გარდა, სხვა საკითხებზეც ისაუბრა:

სადებიუტო ლელოზე: "ყველამ მომილოცა. მეც ძალიან გამიხარდა, მაგრამ ემოციების და აღტაცების გამოხატვა არ მეხერხება. ამ ლელოში დიდი წვლილი მიუძღვის ლიმა სოპოაგას. შერკინება გამეორდა და მან ამ კომბინაციის გათამაშება შემომთავაზა, რაზეც დავთანხმდი და ლელოც გავიტანე".

...ლიონის სასტაროში თავის დამკვიდრებაზე: "რაც თავი მახსოვს, სულ ვუყურებდი რაგბის ვიდეოებს, ვიღებდი ცოდნას და ვცდილობდი მის განხორციელებას, სულ ვვარჯიშობდი უნარების დახვეწაზე და ახლაც ასე ვარ. თუმცა ჯერ ვერ ვიტყვი, რომ ლიონში თავი უკვე დავიმკვიდრე. ბევრი ტრავმირებული გვყავს და თამაში მიწევს. მერე ვნახოთ, რა იქნება. მწვრთნელსაც მოსწონს ჩემი სტილის მოთამაშეები. მოედანზე არასდროს არაფერს ვერიდები".

...ნაკრებსა და კლუბში განსხვავებულ პოზიციებზე თამაშზე: "ცოტა შორიდან დავიწყებ. ხვამლში თავიდან ფულბეკის პოზიციაზე ვიდექი და ძალიან მომწონდა. მერე გუნდში სიტუაციიდან გამომდინარე, ფლანკერად მომიხდა თამაში და ბოლო 3 წელია, ხაზში დავბრუნდი. ახლა 12 თამაში ფრთაზე ჩავატარე და ძალიან მომწონს ეს პოზიცია – ამოვდივარ, ბოჭვის შესრულება და დაკიდებულ ბურთებზე თამაში მიწევს, რაც ძალიან მიყვარს. ხაზში სადაც არ უნდა დამაყენონ, ნებისმიერ პოზიციაზე სიამოვნებით ვითამაშებ".

ნინიაშვილის სადებიუტო ლელო

...მიმდინარე სეზონში ლიონის მიზანზე: "უპირველესი მიზანი ექვსეულში შესვლაა და მერე ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ. ამ მომენტისთვის მეოთხე ადგილზე ვართ, თუმცა მდევრებს ჩვენზე ნაკლები თამაში აქვთ ჩატარებული. ექვსეულში მოსახვედრად იანვარი-თებერვალი მნიშვნელოვანი იქნება".

შეგახსენებთ, რომ დავით ნინიაშვილი ლიონის ღირსებას 2021 წლიდან იცავს და დღემდე 12 მატჩი ჩაატარა, ხოლო საქართველოს ნაკრების მაისურით მის ანგარიშზე 5 თამაში და მოპოვებული 23 ქულაა. ნინიაშვილი ქართველი გულშემატკივრების გამოკითხვით, საქართველოს 2021 წლის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა.

📺 დავით ნინიაშვილის ლელო პოსთან

კომენტარები

ბოლო ამბები