Thumbnail
  • 📅 12 იანვარი | 🏟 რიადი | ⌚ 23:00 | ⚽ ბარსელონა V რეალი
  • მადრიდის რეალს ზედიზედ 4 'ელ კლასიკო' აქვს მოგებული
  • ჩავის გუნდისთვის ტიტული დიდი მოტივაცია იქნება
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

წლის პირველი "ელ კლასიკო" ესპანეთის სუპერთასის ეგიდით გაიმართება. ბარსელონა და მადრიდის რეალი ერთმანეთს ტურნირის ნახევარფინალში ესპანეთიდან შორს, საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში დაუპირისპირდებიან.

უკვე მესამე წელია, რაც ესპანეთის სუპერთასი შეცვლილი ფორმატით ტარდება - ტურნირში 4 გუნდი ასპარეზობს. "ელ კლასიკოში" გამარჯვებულ გუნდს ფინალში (16 იანვარს) მადრიდის ატლეტიკოსა და ბილბაოს შორის (ეს შეხვედრა 13 იანვარს გაიმართება) გამარჯვებული დაუპირისპირდება.

კატალონიური გრანდის ახალ მთავარ მწვრთნელ ჩავის შანსი აქვს, თავის ბავშვობის კლუბთან ერთად მწვრთნელის რანგში პირველი ტიტული მოიგოს. ეს გამარჯვება ბარსელონისთვის ფსიქოლოგიურად ძალიან კარგი იქნება - ტიტული ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს სეზონის შუაში დიდ მუხტს მისცემს.

თავის მხრივ, წლის პირველ "ელ კლასიკოში" გამარჯვება და ტიტულის მოპოვება სურს კარლო ანჩელოტისაც. მისმა გუნდმა წელი ხეტაფესთან მარცხით (0:1) დაიწყო, თუმცა შემდეგ ორი მოგებით გააგრძელა - ჯერ კოპა დელ რეიზე ალკოიანოს მოუგო 3:1, შემდეგ ლა ლიგაში ვალენსიას - 4:1.

იტალიელი სპეციალისტის გუნდი სუპერთასის ნახევარფინალში ფავორიტად მიიჩნევა. მადრიდული კლუბი ბევრად უკეთეს და გამართულ ფეხბურთს აჩვენებს, ვიდრე ბარსელონა, რომელმაც ლა ლიგაში გამართულ ბოლო შეხვედრაში გრანადასთან ფრედ 1:1 ითამაშა.

მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონას სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს, არის კარგი ამბავიც: კატალონიელთა ჩავის თქმით, "ელ კლასიკოში" გუნდს ანსუ ფატი დაუბრუნდება, რომელსაც ტრავმის გამო ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. 

ესპანეთის სუპერთასი ბარსელონას 13-ჯერ აქვს მოგებული (ბოლო 2018 წელს), რაც სარეკორდო მაჩვენებელია. მეორე ადგილზე კი მადრიდის რეალია, რომელმაც ტურნირის მოგება 11-ჯერ შეძლო (ბოლოს 2020 წელს). კატალონიური კლუბი კი შარშანდელი გათამაშების ფინალისტია, სადაც ბილბაომ დამატებით დროში მოუგო.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბარსელონას ესპანეთის სუპერთასი 13-ჯერ აქვს მოგებული, რაც რეკორდია.

⚽ კატალონიურმა კლუბმა ბოლოს აღნიშნული ტურნირი 2018 წელს მოიგო, შარშან კი ფინალი წააგო.

⚽ მადრიდის რეალმა ბოლო ესპანეთის სუპერთასი ტურნირი 2020 წელს მოიგო.

⚽ ბარსელონას რეალი ბოლო 5 მატჩია არ დაუმარცხებია.

⚽ მადრიდულმა კლუბმა ბარსელონას ზედიზედ 4 "ელ კლასიკო" მოუგო.

⚽ კატალონიელებმა ბოლოს "სამეფო გუნდი" 2019 წელს დაამარცხეს.

⚽ მადრიდის რეალისთვის ზედიზედ მე-4 "ელ კლასიკოს" მოგება, თავისი საუკეთესო სერიაა 1965 წლის შემდეგ (მაშინ "სამეფო გუნდმა" ზედიზედ 7-ჯერ დაამარცხა ბარსელონა).

⚽ ბოლო 5 "ელ კლასიკოდან" 3-ში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ ბარსელონასა და რეალის უკანასკნელი 10 დაპირისპირებიდან მხოლოდ ერთი შეხვედრა დასრულდა უგოლოდ.

⚽ ჩავის გუნდს 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (ყველა ოფიციალურ ტურნირზე ერთად).

⚽ მადრიდულმა კლუბმა ბოლო 10 შეხვედრიდან, მხოლოდ ერთი წააგო (ხეტაფესთან 0:1).

⚽ კარლო ანჩელოტის გუნდმა ბოლო 5 მატჩიდან კარის მშრალად შენახვა მხოლოდ ერთხელ შეძლო.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ალვეში, პიკე, ლენგლე, ალბა - ბუსკეტსი, გონსალესი, გავი - დემბელე, ლუუკ დე იონგი, მემფისი.
ტრავმა: არაუხო, ბრაიტვაიტი, დემირი, გარსია, რობერტო, ფ. დე იონგი (?).

რეალი (4-3-3): კურტუა - ვასკესი, მილიტაო, ალაბა, მენდი - კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი - ასენსიო, ბენზემა, ვინისიუსი.
ტრავმა: დიასი, ბეილი.

კომენტარები

ბოლო ამბები