Thumbnail

ჰაცუ ბაშოს წინ - ტოჩინოშინი ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ჰაცუ ბაშო 'კოკუგიკანში' 9-23 იანვარს გაიმართება
  • ტოჩინოშინის პირველი ორი მეტოქის ვინაობა ცნობილია

9-23 იანვარს ტოკიო 2022 წლის პირველ ბაშოს მასპინძლობს, რომელიც 34 წლის ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) პროფესიულ კარიერაში რიგით 94-ე იქნება. ყოფილი ოძეკი კარიერის არცთუ საუკეთესო ეტაპზეა, 2021 წელს მან ექვსივე ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა (რაც მას პირველად შეემთხვა) და ახლა დასავლეთის მე-15 მაეგაშირაა. ლევანი რეიტინგში მხოლოდ 5 სუმოისტს უსწრებს დივიზიონში. ასე რომ, იანვრის ბაშოზე უარყოფითი ბალანსი მისთვის, დიდი ალბათობით, ჯურიოში დაქვეითების ტოლფასი იქნება (მხოლოდ 7-8 ბალანსზე შეიძლება გადაურჩეს მაკუუჩის დივიზიონიდან გავარდნას).

დიდი ჩემპიონი ტერუნოფუჯი

იაპონიის სუმოს ასოციაციამ იანვრის სუპერტურნირის, ჰაცუ (გახსნის) ბაშოს პირველი ორი დღის განრიგი გამოაქვეყნა. გახსნის დღეს, 9 იანვარს ტოჩინოშინი დოჰიოზე მე-16 მაეგაშირა ცურიგიშოს წინააღმდეგ დადგება. 30 წლის იაპონელის წინააღმდეგ ტოჩინოშინი 2:1-ს იგებს ურთიერთშეხვედრებში. მე-2 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-14 მაეგაშირა იჩიამამოტოა, რომელმაც ნოემბერში ჯურიოს დივიზიონი მოიგო და ელიტაში დაბრუნდა. 1:1 ქართველისა და იაპონელის ურთიერთშეხვედრებში.

იოკოძუნა ტერუნოფუჯი კომუსუბი დაიეიშოსთან ორთაბრძოლით იწყებს იმპერატორის თასისთვის ბრძოლას. ბაშოზე გამოსვლა აუკრძალეს მე-8 მაეგაშირა ჰიდენოუმის და მის გუნდელს კისეს ბეიადან სიდენს. ისინი არალეგალურ კაზინოში თამაშისთვის მოხსნეს სუპერტურნირიდან. ბაშოდან მოიხსნა ტაგანოურას ბეიას 14 რიკიში, მათ შორის ყოფილი ოძეკი ტაკაიასუ, მიზეზი გუნდში კორონავირუსის შემთხვევებია. 

ქართველი სუმოისტი პროფესიულ სუმოში 2006 წლიდანაა. მან 93 ბაშოზე იასპარეზა და პროფესიულ კარიერაში 630 ორთაბრძოლა მოიგო. 2018 წლის იანვრის ბაშოზე გორგაძემ კარიერაში პირველად და ჯერჯერობით, უკანასკნელად იმპერატორის თასი მოიგო. ოძეკის (ჩემპიონი) რანგში მან 7 ბაშო გამართა, 2018 და 2019 წლებში.

კომენტარები

ბოლო ამბები