Thumbnail

ესპანეთის თასის 1/16 ფინალში გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ კარტახენას დაძაბულ ბრძოლაში 2:1 მოუგო და მერვედფინალში გავიდა. ხოსე ბორდალასმა სათასო მატჩში გიორგი კვლავ სათადარიგოთა სკამზე დატოვა, კარში კი გამოცდილი ხაუმე დომენეკი ჩადგა და... 75-ე წუთზე მთელი ესპანეთი გააოცა. ვალენსია სოლერის გოლით იგებდა, როცა სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა. ხაუმე კარში მუხლებზე დაჩოქილი ჩადგა და პენალტის მოგერიება ასე სცადა, ბუნებრივია, არ გამოუვიდა. ვალენსია შემდეგ ეტაპზე დენის ჩერიშევმა გაიყვანა 93-ე წუთზე გატანილი ბურთით.

"ასეთი რამ აქამდე არ გვინახავს", - წერს "მარკა" ხაუმეს საქციელზე - "არა, მას პენალტის დროს უცნაურობები ადრეც ჩაუდენია, ერთი-ორჯერ ძელზე ჩამოეკიდა, ერთხელ გამოკვეთილად ერთ კუთხეში დადგა და ისე შეეცადა აღებას, მაგრამ დღევანდელი საქციელი უკვე მეტისმეტია".

ვალენსიას ფანები "ტვიტერზე" აღშფოთებას ვერ მალავენ: "ჩვენი უდიდესი შეურაცხყოფაა, რომ ეს მეკარე მამარდაშვილზე წინ დააყენეს", - წერს ოსკარ იდალგო ლოპესი. "ეს ბიჭი არ არის სრულ ჭკუაზე, გთხოვთ, მამარდაშვილი დააყენეთ", - წერს ვალენსიას ფანი daviid705. "მისი საქციელის მიუხედავადაც, რომელიც აღმაშფოთებელია, ხაუმეს გუნდში აღარაფერი ესაქმება. იქნებ, ასე უფრო გაყიდონ. ამის გამო მამარდაშვილის პროგრესი ყოვნდება და რივერო სულ უსაქმოდ დარჩა", - წერს MaretaMaretona. "და მამარდაშვილი ისევ სკამზეა? ოკ", - Orgull1919.

შეგახსენებთ, რომ ვალენსიამ გიორგი მამარდაშვილი 31 დეკემბერს გამოისყიდა, ის "ღამურების" რიგებში 2024 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს. მის გამოსასყიდ თანხად ვალენსიამ 20 მილიონი ევრო განსაზღვრა. 

კომენტარები

ბოლო ამბები