Thumbnail
  • 'ბრივთან მატჩში ის ტრადიციულად დაუღალავი გახლდათ და დაცვაში არავინ გაატარა'
  • 2022 წელი წარმატებულად დაიწყო საფრანგეთში მოთამაშე ქართველი მორაგბეებისთვის

საფრანგეთის TOP 14-ის მე-14 ტური წარმატებული გამოდგა ქართველი მორაგბეებისთვის. ბიარიცის მესამეხაზელმა თორნიკე ჯალაღონიამა და ბრივის 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ ლელოები დადეს, ასევე მესამეხაზელი ბექა გორგაძე კი, რომელიც პოს ღირსებას იცავს, სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ბიარიცი ბორდოს სტუმრობდა და 71-ე წუთამდე აქტივში ლელო არ ჰქონდა, როდესაც ჯალაღონიამ მრავალფაზიანი შეტევა შედეგიანად დაასრულა. დარჩენილ დროში სტუმრებმა კიდევ 2 ლელოს დადება მოახერხეს, თუმცა, ეს მხოლოდ სანუგეშო ქულის ასაღებად აღმოჩნდა საკმარისი – 27:30.


ჯალაღონიამ შეუცვლელად ითამაშა, მის მსგავსად სასტარტო შემადგენლობაში იყო ლუკა აზარიაშვილი, რომელმაც მინდორი 66-ე წუთზე დატოვა, ბორდოელთა მაისურით კი 48-ე წუთიდან გაისარჯა ლექსო ყაულაშვილი. ბიარიცი 19 ქულით ბოლო ადგილზე დარჩა, ბორდოელები კი 46 ქულით ლიდერობენ.

არაერთი ქართველი ლეგიონერი ვიხილეთ პოსა და ბრივის შეხვედრაში, რომელიც მასპინძლებმა 43:20 მოიგეს. მასპინძელთა მაისურით მოედანზე 76 წუთი გაატარა ბექა გორგაძემ, სტუმართა რიგებში კი სამმა ჩვენებურმა ითამაშა: ლუკა ჯაფარიძე 34-ე წუთზე შეცვალა სოსო ბეკოშვილმა, ხოლო ვასილ ლობჟანიძე 64 წუთს დაიტვირთა და უკვე მე-3 წუთზე დადო ლელო, როდესაც მეტოქე ცრუმოძრაობაზე დაიჭირა.


გორგაძეს ლელო არ დაუდია, თუმცა, ძალიან ეფექტიანი იყო და ეს, სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრით დაუფასდა: “ბორდოში მას ნაკლებად ენდობოდნენ, პოში გადასვლის შემდეგ კი, მუდმივად ამტკიცებს, რომ ეს მცდარი გადაწყვეტილება იყო. ბრივთან მატჩში ის ტრადიციულად დაუღალავი გახლდათ და დაცვაში არავინ გაატარა. კარგი იყო ბურთის ართმევაზე და ჰაერში თამაშისას. რამდენჯერმე შეტევაშიც კარგი უპირატესობა გააკეთა”, - წერს ბექაზე actu.fr.

პომ ამ გამარჯვების წყალობით სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა და 28 ქულით მე-8 ადგილზეა, ხოლო ბრივი 21 ქულით მეთორმეტეა. TOP 14-ში მე-15 ტურის მატჩები 8-9 იანვარს არის დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები