Thumbnail

პარიზიდან მაიამიში - ლიონელ მესიმ 2023 წელს შესაძლოა ევროპა დატოვოს

  • 34 წლის არგენტინელის მომავალზე ესპანური მედია წერს
  • პსჟ-ის თავდამსხმელს დევიდ ბექჰემის კლუბს უკავშირებენ 

პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ შესაძლოა ევროპა დატოვოს და კარიერა ამერიკაში გააგრძელოს. ესპანური მედია 34 წლის არგენტინელი ფეხბურთელის მომავალს MLS-ს უკავშირებს. 

Marca-ს ცნობით, 2023 წელს ლიონელ მესიმ კონტრაქტი შესაძლოა ამერიკულ კლუბთან, ინტერ მაიამისთან გააფორმოს, რომლის მფლობელიც წარსულში ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემია. 

აღსანიშნავია, რომ მანამდე გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმადაც, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა მაიმიში უძრავი ქონება შეიძინა. 

ლეოს კორონავირუსი აქვს და პარი სენ-ჟერმენს ვერ ეხმარება

ლეო მესი პარი სენ-ჟერმენში 2021 წლის ზაფხულში გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბარსელონამ ვერ შეძლო თავის ვარსკვლავთან ხელშეკრულების გაგრძელება. ამის მიზეზი ლა ლიგის ფინანსური შეზღუდვები იყო. 

მესიმ ფრანგული კლუბის მაისურით ჩემპიონატის 11 მატჩში ითამაშა, გაიტანა 1 გოლი და მითვალა 4 საგოლე პასი. მის ანგარიშზე ასევე 5 გოლია ჩემპიონთა ლიგაში. ნოემბერში არგენტინელს “ოქროს ბურთი” მიაკუთვნეს, რომელიც მის კარიერაში მეშვიდეა.

კომენტარები

ბოლო ამბები