Thumbnail
  • მიუნხენის ბაიერნისთვის 2022 წელი ცუდად დაიწყო
  • რეკორდმაისტერის 4 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

მიუნხენის ბაიერნშიც კორონა-განგაშია!

რეკორდმაისტერში შაბათს დაადასტურეს, რომ 4 ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს - ინფიცირებულთა სია ასეთია: მანუელ ნოიერი, კორენტენ ტოლისო, კინგსლი კომანი და ომარ რიჩარდსი.

გარდა ამისა, კოვიდ-19 მთავარი მწვრთნელის, იულიან ნაგელსმანის პირველ ასისტენტ დინო ტოპმიოლერსაც დაუდასტურდა. ბავარიული გრანდის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ტოპმიოლერიც და ფეხბურთელებიც თავს კარგად გრძნობენ და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

მიუნხენელებმა საზოგადოებას ასევე აცნობეს, რომ ვარჯიშის დაწყება 3 იანვრისთვის გადაიდო. ორშაბათს ყველა ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბსა და მთლიანად სტაფს PCR-ტესტებს გაუკეთებენ. ცხადია, მათ შორის აღარ იქნებიან ნოიერი, კომანი, ტოლისო და რიჩარდსი, რომლებსაც კარანტინი ელოდებათ.

ნოიერმა ინსტაგრამზე პოსტიც გამოაქვეყნა, რომელშიც წერს: “მომდევნო დღეებს კარანტინში გავატარებ, რადგან კორონავირუსი დამიდგინდა. საკმაოდ კარგად ვარ. საბედნიეროდ, მსუბუქი სიმპტომები მაქვს.” აღსანიშნავია, რომ ნოიერი (მალდივებზე იყო), კომანი (დუბაი) და ტოლისო (საფრანგეთი) საშობაო შვებულების დროს დაინფიცირდნენ.

ბაიერნი გერმანიის ჩემპიონატის მეორე წრეს 7 იანვარს, მიონხენგლადბახის ბორუსიასთან საშინაო მატჩით იწყებს. გლადბახში კოვიდ-19 ბოლოს დენის ზაკარიას, ჯო სკალის, მამადუ დოკურს და კენან ბენეტსს დაუდასტურდათ. უკვე ცნობილია, რომ მათ გარდა, ბაიერნთან ვერც იონას ჰოფმანი (მუხლის ტრავმა) და რამი ბენსებაინი (აფრიკის თასზეა) ითამაშებენ.

კოვიდის ახალი შემთხვევების გამო ბაიერნმა კორონა-წესები კიდევ უფრო გაამკაცრა. ფეხბურთელებს და თანამშრომლებს რეკორდმაისტერში კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით გატესტავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები