Thumbnail
  • საქართველო 0:3 არგენტინა
  • მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვერც ნიკოლოზ ბასილაშვილმა გაუწია

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ATP Cup 2022-ზე სასტარტო მატჩი 1 იანვარს ჩაატარა და წარმატების შანსი არ ჰქონია. ქართველმა ჩოგბურთელებმა სამივე შეხვედრა ისე წააგეს, რომ სამ გეიმზე მეტის აღება ვერ მოახერხეს.

საქართველოსა და არგენტინის შეხვედრაში სიდნეის Sydney Super Dome-ის კორტზე პირველები ალექსანდრე მეტრეველი და ფედერიკო დელბონის გავიდნენ და მეტოქემ 6:1, 6:2 იმარჯვა. თუკი ამ შედეგში მოულოდნელი არაფერი ყოფილა, გაცილებით მეტ ბრძოლას ველოდით საქართველოს პირველი ჩოგნის ნიკოლოზ ბასილაშვილისა და დიეგო შვარცმანის თამაშში.

სამწუხაროდ, ასე არ გამოვიდა. არგენტინელის უპირატესობა ამ შემთხვევაშიც აშკარა იყო და მანაც 6:1, 6:2 იმარჯვა. იშვიათი დამთხვევაა, თუმცა, იდენტური ანგარიში დაფიქსირდა წყვილთა თანრიგშიც, სადაც მაქსიმო გონსალესმა და ანდრეს მოლტენიმ საბა ფურცელაძე და ზურა ტყემალაძე დაამარცხეს.

D ჯგუფის მე-2 შეხვედრაში პოლონეთმა საბერძნეთს ერთეულთა თანრიგის ორივე მატჩი მოუგო და ეს, გასაკვირი არ ყოფილა, რადგანაც ბერძნებმა ლიდერის – სტეფანოს ციციპასის გარეშე ითამაშეს. ციციპასს იდაყვის ტრავმა ჯერაც აწუხებს და ATP Cup 2022-ის სასტარტო შეხვედრის გამოტოვება არჩია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ბერძნებთან დაპირისპირება 5 იანვარს უწევს, 3-ში კი პოლონეთთან მატჩია.

კომენტარები

ბოლო ამბები