- 5 იანვარს ATP CUP-ზე საბერძნეთი საქართველოს დაუპირისპირდება
- სტეფანოს ციციპასი 2022 წლის პირველ ტურნირს იმედით ხვდება
- 1 იანვარს, არგენტინასთან - ATP CUP-ს საქართველოს ნაკრების მატჩი გახსნის
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ახალი წლის პირველი დღიდან ავსტრალიაში, ATP Cup-ზე იასპარეზებს. ქართველი ჩოგბურთელები 1 იანვარს არგენტინელებს, 3-ში - პოლონელებს, 5-ში კი ბერძნებს დაუპირისპირდებიან.
საბერძნეთის ნაკრების ლიდერმა სტეფანოს ციციპასმა, რომელიც ATP-ის რეიტინგში მე-4 პოზიციას იკავებს, სიდნეიში მისი გუნდის გამოსვლასა და წარმატების შანსებზე ისაუბრა. 23 წლის ბერძენი ჩოგბურთელი 5 იანვარს კორტზე ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ გავა (22).
"მჯერა ჩემი გუნდის. ვფიქრობ, შევძლებთ გასვლის ამოცანის გადაჭრას და მატჩების ორ სეტში მოგებას. თითოეული ჩვენთაგანისთვის ტურნირზე საბერძნეთის სახელით გამოსვლა ძალიან ბევრს ნიშნავს. ვიცი, რომ ჩვენ თამაშს ავსტრალიაში მცხოვრები უამრავი ბერძენი დაესწრება.
საბერძნეთი წარმატებით გამოდის გუნდურ ტურნირებში - ფეხბურთში, კალათბურთში. ეს ჩვენშია. გვიყვარს გუნდური შეჯიბრებები. კორტზე ბოლომდე დავიხარჯებით. გუნდში გვყავს ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებსაც გამარჯვებები ნებისმიერ სხვაზე მეტად სწყურიათ", - თქვა ციციპასმა.

ATP Cup-ზე საქართველოს ნაკრების ღირსებას ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, ალექსანდრე ბაკში, ზურა ტყემალაძე და საბა ფურცელაძე დაიცავენ. საბერძნეთს კი სტეფანოს ციციპასი, მიხაილ პერვოლარაკისი, პეტროს ციციპასი, მარკოს კალოველონისი და არისტოტელის ტანოსი წარმოადგენენ. საქართველო-საბერძნეთის დაპირისპირება სიდნეიში, Ken Rosewall Arena-ზე გაიმართება.
კომენტარები