Thumbnail
  • 2022 წელი ქართული სპორტისა და მისი ქომაგისთვის საკმაოდ დატვირთულია
  • ღონისძიებები, სადაც ჩვენი სპორტსმენების გამოსვლას განსაკუთრებით ველით

არსებობს დიდი მოლოდინი, რომ 2022 წელს მსოფლიო კორონაპანდემიას საბოლოოდ გაუმკლავდება. ამის იმედი აქვს სპორტულ სამყაროსაც, რომელსაც მომავალ წელს არაერთი გამორჩეული ღონისძიება აქვს დაგეგმილი - ზამთრის ოლიმპიური თამაშებით დაწყებული, ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატით დამთავრებული…

მომავალი, 2022 წელი, დატვირთული და მნიშვნელოვანია ქართული სპორტისა და მისი ქომაგისთვისაც. უკვე პირველი იანვრიდან, საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებს უნდა ვუქომაგოთ, რომელიც ავსტრალიაში ATP Cup-ზე იასპარეზებს. ნიკოლოზ ბასილაშვილით, ალექსანდრე მეტრეველით, ალექსანდრე ბაკშით, ზურა ტყემალაძითა და საბა ფურცელაძით დაკომპლექტებული გუნდი ახალი წლის პირველ დღეს არგენტინას დაუპირისპირდება, 3-ში - პოლონეთს, 5-ში კი - საბერძნეთს.

2022 წელი და მისი პირველი თვე განსაკუთრებულია ქართული ფუტსალისთვისაც. საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე წარსდგება. ავთანდილ ასათიანის გუნდი ნიდერლანდების ქალაქ გრონინგენში, D ჯგუფში ითამაშებს, სადაც აზერბაიჯანს (22 იანვარი), ბოსნიას (26 იანვარი) და ესპანეთს (29 იანვარი) დაუპირისპირდება.

როგორც ყოველთვის, ამჯერადაც არაერთი მედლის მოლოდინი გვაქვს ქართველი ძიუდოისტებისგან, რომლებსაც გაზაფხულზე ევროპის ჩემპიონატზე (29 აპრილი-1 მაისი) მოუწევთ გამოსვლა, ზაფხულში კი - მსოფლიოზე (7-14 აგვისტო). წარმატებებს ველით მოჭიდავეებისგანაც კონტინენტისა (28 მარტი-3 აპრილი) და პლანეტის (10-18 სექტემბერს) პირველობებზე. ტრადიციულად, მორიგ ოქროს მედლებსა და ახალ რეკორდებს მოველით ლაშა ტალახაძისგან და არამხოლოდ მისგან - ქართველ ძალოსნებს აპრილში ევროპის ჩემპიონატი ელოდებათ, ოქტომბერში კი - მსოფლიოს ჩემპიონატი (თარიღები მოგვიანებით დაზუსტდება). 

იმედია, ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე წარმატებებით 2022-შიც გაგვახარებენ

დიდი იმედი გვაქვს, UFC-ში თავის გამოჩენას და რეიტინგებში წინსვლას გააგრძელებენ ქართველი მებრძოლები. უკვე ცნობილია გიგა ჭიკაძისა და ილია თოფურიას მომავალი ბრძოლების თარიღები და მოწინააღმდეგეები. გიგა, რომელიც UFC-ის ქართველი სპორტსმენებიდან ყველაზე ახლოსაა სატიტულო ბრძოლის მიღებასთან, 16 იანვარს, ლას ვეგასში, ამერიკელ კელვინ კატარს დაუპირისპირდება და ეს ღონისძიების მთავარი ჩხუბი იქნება. რაც შეეხება თოფურიას: 24 წლის მებრძოლი 23 იანვარს, UFC 270-ის ღონისძიებაზე დაუმარცხებელ ინგუშ მოვსარ ევლოევს დაუპირისპირდება. მეტოქეების მოლოდინში არიან მერაბ დვალიშვილი, რომან დოლიძე…

ზემოთქმულის მიუხედავად, ქვემოთ წლის ხუთ გამორჩეულ სპორტულ მოვლენას გამოვყოფთ, რომელთა მიმართ ქართული სპორტის ქომაგს განსაკუთრებული მოლოდინი აქვს. 

პირველი მედლის მოლოდინში

📅 4-20 თებერვალი | ⛸ პეკინი 2022

უკვე თებერვალში, ჩინეთის დედაქალაქი ზამთრის 24-ე ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს, რომელშიც 95 ქვეყნის 4000-ზე მეტი სპორტსმენი იასპარეზებს. პეკინგში მედლების 109 კომპლექტი სპორტის 7 სახეობაში (15 დისციპლინაში) გათამაშდება.

პეკინის თამაშები საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მერვეა, ისტორიაში პირველად კი ქართველმა სპორტსმენმა (სსრკ-ის სახელით) ზამთრის ოლიმპიადაზე 1956 წელს,  კორტინა დ’ ამპეცოში იასპარეზა - ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომაში კობა წაქაძე გამოვიდა. 

რაც შეეხება მომავალ ზამთრის ოლიმპიადას, უკვე ცნობილია, რომ თამაშებზე გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ფიგურული სრიალის ნაკრებიც იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ ქართველმა მოციგურავეებმა ლიცენზიები მანამდე ოთხივე დისციპლინაში მოიპოვეს - მორის ყვითელაშვილმა, ალინა ურუშაძემ, კარინა საფინა-ლუკა ბერულავას (სპორტულ წვილებში) და მარია კაზაკოვა-გიორგი რევიას (სპორტული ცეკვები) წყვილებმა. პეკინში ფიგურულ სრიალში გუნდური ასპარეზობა 4-7 თებერვალს გაიმართება, ხოლო ინდივიდუალური გამოსვლები 8-იდან 19 თებერვლის ჩათვლით გასტანს.

ქართველი მოციგურავეები პეკინში ისტორიას დაწერას შეეცდებიან

მოსალოდნელია, რომ პეკინში საქართველოს სახელით ასევე ვიხილავთ სამთო მოთხილამურეებს და მონაწილეთა რაოდენობით, თამაშებზე ჩვენს საუკეთესო შედეგს გავიმეორებთ. ცნობისთვის, ყველაზე მეტი მონაწილე ზამთრის თამაშებზე 2010 წელს გვყავდა - 8 (სპორტის 3 სახეობაში). სამწუხაროდ, მაშინ ვანკუვერში ტრაგიკულად დაიღუპა მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი.

არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ პეკინის თამაშები წარმატებული იქნება ქართველი სპორტსმენებისთვის (უპირველესად მოციგურავებისთვის) და ზამთრის ოლიმპიადაზე მოპოვებულ პირველ ისტორიულ მედალს ვიზეიმებთ.

ევრობასკეტი თბილისში

📅 1-18 სექტემბერი | 🏀 ევრობასკეტი 2022

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე მეხუთედ გამოვა. ამასთან, საქართველო ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელია გერმანიასთან, ჩეხეთსა და იტალიასთან ერთად. თბილისში, რომელიც A ჯგუფის შეხვედრებს მიიღებს, ევრობასკეტის გახსნითი მატჩიც გაიმართება - 1-ელ სექტემბერს კონტინენტის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი ბულგარეთს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების კალენდარს, ილიას ზუროსის გუნდი პირველ სექტემბერს ბელგიას ეთამაშება, 3-ში - ესპანეთს, 4-ში - თურქეთს, 6-ში - ბულგარეთს და 7-ში - რუსეთს. საქართველოს ნაკრების ყველა მატჩი თბილისის დროით 21:00 სთ-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი 2021 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო. რეგლამენტის თანახმად, 4 ექვსგუნდიანი ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო პლეი ოფში გავა და თამაშს მერვედფინალიდან გააგრძელებს. ევრობასკეტი 2022-ის პლეი ოფს ბერლინი მიიღებს.

საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეხუთე ევრობასკეტზე გამოვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს საუკეთესო შედეგი სადებიუტო, 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა, როდესაც პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა და საბოლოოდ, მე-11 ადგილზე გავიდა. იმედია, ევროპის მომავალ ჩემპიონატზე ეს შედეგი გაუმჯობესდება, თუმცა, მანამდე ის პრობლემაა მოსაგვარებელი, რომელიც თბილისში ევრობასკეტის მშენებარე დარბაზთანაა დაკავშირებული. ფიბა-ს ხელმძღვანელობის ბოლო ვიზიტის შემდეგ ცხადი გახდა, რომ მშენებელობის ტემპი აშკარად დასაჩქარებელია.

ევრობასკეტამდე კი საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები აქვს ჩასატარებელი. ზუროსის გუნდმა G ჯგუფში, სადაც ესპანეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასა და უკრაინასთან ერთად გამოდის, ორი შეხვედრა 2021 წელს უკვე ჩაატარა (შინ უკრაინას მოუგო, სტუმრად ესპანეთთან დამარცხდა). საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე და მესამე ფანჯრები 2022 წლის თებერვალ-მარტსა და ივნის-ივლისშია გათვალისწინებული. წლის პირველი თამაში ქართველ კალათბურთელებს 24 თებერვალს, შინ ჩრდილოეთ მაკედონიასთან უწევთ.

კიდევ ერთი შანსი

📅 2-12 ივნისი, 23-26 სექტემბერი | ⚽ უეფას ერთა ლიგა 2022/23

2022 წელს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონისა და ევრო 2024-ის საგზურებისთვის იბრძოლებს. ვილი სანიოლისთვის, რომლის ხელმძღვანელობითაც ნაკრებმა მუნდიალის შესარჩევი 5-გუნდიანი ჯგუფი ბოლოსწინა, მე-4 ადგილზე დაასრულა, ერთა ლიგის 2022/23 წლების გათამაშება საქართველოსთან ერთად გარკვეული წარმატების მიღწევის მეორე შანსია.

საქართველო ახალ წელს ფიფას რეიტინგში 85-ე ადგილზე შეხვდა

ჩვენი ნაკრები C ლიგის მე-4 ჯგუფში ბულგარეთთან, ჩრდიოლეთ მაკედონისა და გიბრალტართან ერთად მოხვდა. სანიოლის შეგირდები ტურნირში გამოსვლას ივნისში, გიბრალტართან საშინაო მატჩით დაიწყებენ და მასთანვე ნოემბერში სტუმრად დაგეგმილი თამაშით დაასრულებენ.

საქართველოს ნაკრების სრული კალენდარი

I ტური, 2 ივნისი: საქართველო V გიბრალტარი
II ტური, 5 ივნისი: ბულგარეთი V საქართველო
III ტური, 9 ივნისი: ჩრდილოეთ მაკედონია V საქართველო
IV ტური, 12 ივნისი: საქართველო V ბულგარეთი
V ტური, 23 სექტემბერი: საქართველო V ჩრდილოეთ მაკედონია
VI ტური, 26 სექტემბერი: გიბრალტარი V საქართველო

ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგაშიც უხელმძღვანელებს

ერთა ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები ავტომატურად მოიპოვებენ ერთი რანგით მაღალი ლიგის საგზურს. ვილი სანიოლის გუნდის შემთხვევაში ეს B ლიგა იქნება. A და B ლიგის ბოლოადგილოსნები დაქვეითდებიან, C ლიგის ბოლოადგილოსანი კი პლეი დაუნში ითამაშებს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.

როგორც წინა გათამაშებებში, ეს ტურნირიც დამატებითი საშუალებაა დიდ საფეხბურთო შეჯიბრებაში (ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიოს ჩემპიონატი) მოსახვედრად. ამჯერად, ნაკრებებს ექნებათ შანსი ევრო 2024-ზე ერთა ლიგიდანაც მოხვდნენ, თუმცა უეფა კონკრეტულ პირობებს ივნისამდე შეიმუშავებს.

ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის დაწყებამდე ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. მეტოქეთა ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.

ევროტურნირები 2022/23

ევროთასებზე საქართველოს კვლავ ოთხი კლუბი წარმოადგენს. დინამო ბათუმი, რომელმაც 2021 წლის ეროვნული ლიგა მოიგო და ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა, ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვა. 

დინამო ბათუმმა საქართველოს ჩემპიონობა პირველად იზეიმა

გია გეგუჩაძის გუნდი უმთავრეს ევროპულ საკლუბო ტურნირში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება, მეტოქის ვინაობას კი 13 ივნისს შეიტყობს, როდესაც წილისყრა გაიმართება. ამ ეტაპის მატჩები 5-6 ივლისსა და 12-13 ივლისს ჩატარდება.

კონფერენსლიგაში ითამაშებენ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი დინამო თბილისი, მესამე ადგილოსანი გორის დილა და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული საბურთალო. სამივე ქართული კლუბი ასპარეზობას პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს, რომლის შეხვედრები 7 და 14 ივლისს გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ქართულმა კლუბმა ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ერთადერთხელ შეძლო - 2004/05 წლების უეფას თასზე დინამო თბილისმა ითამაშა, რომელსაც გია გეგუჩაძე წვრთნიდა. 

შეხვედრები პრინციპულ მეტოქეებთან  

📅 6 თებერვალი-20 მარტი | 🏉 რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2022

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც 2021-ში რაგბი ევროპის ჩემპიონატი მე-13-ედ მოიგო, 2023 წლის მსოფლიოს თასზე გამოსვლა პრაქტიკულად გარანტირებული აქვს, თუმცა ოფიციალურად საგზურს 2022-ში მოიპოვებს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში პირდაპირ გაემგზავრება რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ორი გათამაშების (ქულები დაჯამდება) საუკეთესო ორი გუნდი, მესამე ადგილოსანი კი პლანეტის პირველობაზე მოხვედრას საერთაშორისო რეპეშაჟიდან შეეცდება.

ბორჯღალოსნები მსოფლიოს თასზე ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებენ

"ბორჯღალოსნები", რომლებისთვისაც რაგბი ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი არსობრივად 2023 წლის მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებელი ეტაპია, ტურნირში გამოსვლას 6 თებერვლიდან დაიწყებენ - შინ პორტუგალიას მიიღებენ. 12 თებერვალს ნაკრები ამსტერდამში ნიდერლანდებს შეხვდება, 27 თებერვალს კი "დინამო არენაზე" პრინციპულ მეტოქეს - რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებს და მის 24-ედ დამარცხებას შეეცდება. სხვათა შორის, ეს თამაში საქართველოს ნაკრებისთვის რიგით 250-ე იქნება. ლევან მაისაშვილის გუნდს 12 მარტს ბუქარესტში, რუმინეთთან მოუწევს შეხვედრა, ტურნირში გამოსვლას კი 20 მარტს, ესპანეთთან საშინაო დაპირისპირებით დაასრულებს.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბორჯღალოსნები" ზაფხულში ტესტ-მატჩს 6 ერის მონაწილე იტალიასთან გამართავენ, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის ასევე პრინციპული მეტოქეა. შეხვედრა, რომლის თარიღი ჯერ არ დაზუსტებულა, სავარაუდოდ, საქართველოში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ  აქამდე "აძურა" "ბორჯღალოსნებს" ორჯერ, შინ ეთამაშა და ორივეჯერ მოიგო - 2003 და 2018 წლებში.

კომენტარები

ბოლო ამბები