Thumbnail
  • პერპინიანი 19:20 კასტრი
  • ლევან ჩილაჩავა შეცვლაზე გამოჩნდა და სტუმართა შეტევა დააგვირგვინა

კასტრის 30 წლის ქართველმა მორაგბე ლევან ჩილაჩავამ საფრანგეთის TOP 14-ს მე-13 ტურში ლელო დადო და პერპინიანთან საგარეო გამარჯვებაში (20:19) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

30 წლის ქართველი ბურჯი თამაშში 54-ე წუთზე ფრანგი ვილფრიდ უნკპატინის ნაცვლად ჩაერთო, თავის გამოჩენა კი 70-ე წუთზე მოახერხა. კასტრელებმა მეტოქის ხუთმეტრიან ზოლში დანიშნული დერეფნიდან მოლი ააგორეს, პერპინიანმა მისი შეჩერება მოახერხა, თუმცა, ლევანმა ბურთი აიტაცა და ლელოში დამიწება შესძლო.

შედეგად, სტუმართა ჩამორჩენა ერთ ქულამდე დავიდა, თუმცა, იქვე კასტრის არგენტინელმა მგეზავმა ბენიამინ ურდაპილეტამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ცნობისთვის, აღნიშნულ მატჩში ქართველმა მორაგბემ პერპინიანის მაისურითაც ითამაშა და მანაც შეცვლაზე. 35 წლის ბურჯი დავით ქუბრიაშვილი მინდორზე 57-ე წუთზე გამოჩნდა.

13 ტურის თავზე კასტრს 33 ქულით მე-5 ადგილი უკავია, პერპინიანი კი 19 ქულით ბოლოსწინა მე-13 პოზიციაზეა და TOP 14-დან დაქვეითება ემუქრება. საფრანგეთის ჩემპიონატში მომდევნო ტური უკვე გაისად შედგება. 1 იანვარს ქუბრიაშვილი და მისი თანაგუნდელები სტად ფრანსეს ესტუმრებიან, ჩილაჩავას კასტრი კი სტად როშელს დაუხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები