Thumbnail

'შეუძლებელია, არსებული გუნდი შევინარჩუნოთ' - ლოკომოტივის განცხადება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

თბილისის ლოკომოტივში ფინანსური კრიზისია და კლუბი ახალი სეზონიდან განსხვავებული რესურსით ითამაშებს. როგორც ლოკოს ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, სათამაშო ბიზნესისთვის დაწესებული რეგულაციების შემდეგ, შემადგენლობის შენარჩუნება შეუძლებელი გახდა.

ლოკომოტივმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილთან თანამშრომლობის გაწყვეტა. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბი თითქმის სრულმა შემადგენლობან დატოვა, მათ შორის, გუნდის ლიდერებმა.

"მიმდინარე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ლოკომოტივი იძულებული გახდა, უარი თქვას მოდელზე, რომლითაც ბოლო წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ვწუხვართ, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერ ვახერხებთ, შევინარჩუნოთ არსებული გუნდი გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით.

აქამდე არსებულ ფინანსურ წყაროებზე წვდომა შეუძლებელი გახდა, რამაც შექმნილი გარემოება გამოიწვია. ვადასტურებთ, რომ გვაქვს ინფორმაცია სახელმწიფო დაფინანსების არსებობის შესახებ, თუმცა ჯერ არ ვიცით, რა სტრუქტურით მოხდება კლუბებზე თანხების განაწილება. ასევე, მიუხედავად სპონსორთან მიღწეული შეთანხმებისა, კლუბის დაფინანსება დამოკიდებულია სათამაშო ბიზნესის ასოციაციის საერთო გადაწყვეტილებაზე, რომელიც უკავშირდება მათ სასპონსორო კუთხით ინტეგრაციას ქართულ სპორტში.

აღნიშნული მოცემულობები ართულებს პასუხისმგებლობის აღებას ფეხბურთელებისა და კლუბში მომუშავე პერსონალის მიმართ. თბილისის ლოკომოტივი თავისივე ფინანსური რესურსით გააგრძელებს წინსვლას და გუნდის ჩამოყალიბებას, რომლის მიზანიც ყოველთვის ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარება და მათი ხელშეწყობა იყო", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის გასულ სეზონში თბილისის ლოკომოტივი მე-5 ადგილზე გავიდა და ევროთასებზე თამაშის უფლება ვერ მოიპოვა. 2020 წელს ლოკომ ევროპალიგაზე დასამახსოვრებელი მატჩები ჩაატარა, როდესაც რუმინული კრაიოვა და დინამო მოსკოვი დაამარცხა, ასპარეზობას კი ესპანურ გრანადასთან, სტუმრად განცდილი მარცხით გამოეთიშა.

მიმდინარე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ლოკომოტივი იძულებული გახდა უარი თქვას მოდელზე, რომლითაც ხელმძღვანელობდა...

Posted by FC Locomotive Tbilisi on სამშაბათი, 28 დეკემბერი, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები