Thumbnail

დაქვეითდა, მაგრამ ელიტაში დარჩა - ტოჩინოშინი იანვარში 94-ე ბაშოს დაიწყებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • იაპონიაში სუმოს მორიგი რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდა
  • იანვრის ბაშო 9-23 რიცხვებში ტოკიოში გაიმართება

იაპონიის სუმოს ასოციაციამ წლის უკანასკნელი რეიტინგ-ლისტი (ბანძუკე) გამოაქვეყნა, რომელიც სუმოისტთა რეიტინგს განსაზღვრავს 2022 წლის იანვრის ბაშოსთვის. როგორც მოსალოდნელი იყო, ყოფილი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) დაქვეითდა, მაგრამ ელიტური მაკუუჩი დივიზიონიდან არ გავარდა. 

ტოჩინოშინმა კარიერაში პირველად, წლის ყველა ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა, მათ შორის, ბოლო, ნოემბრის სუპერტურნირიც კიუშუზე. ნოემბერში ქართველმა სუმოისტმა წელის ტკივილის გამო, გამოტოვა ბაშოს დასაწყისი, შემდეგ დაბრუნდა, იბრძოლა, მაგრამ 6-9 ბალანსს დასჯერდა. ყოფილი ჩემპიონი დასავლეთის მე-13 მაეგაშირა იყო, დღეიდან კი ის დასავლეთის მე-15 მაეგაშირაა. ლევანი რეიტინგში მხოლოდ 5 სუმოისტს უსწრებს დივიზიონში. ასე რომ, იანვრის ბაშოზე უარყოფითი ბალანსი მისთვის, დიდი ალბათობით, ჯურიოში დაქვეითების ტოლფასი იქნება. 

ქართველი სუმოისტი პროფესიულ სუმოში 2006 წლიდანაა. მან 93 ბაშოზე იასპარეზა და პროფესიულ კარიერაში 630 ორთაბრძოლა მოიგო. 2018 წლის იანვრის ბაშოზე გორგაძემ კარიერაში პირველად და ჯერჯერობით, უკანასკნელად იმპერატორის თასი მოიგო. ოძეკის (ჩემპიონი) რანგში მან 7 ბაშო გამართა, 2018 და 2019 წლებში. 

ტერუნოფუჯი ერთადერთი დიდი ჩემპიონია (იოკოძუნა). ოძეკის ტიტულით კი ტაკაკეიშო და შოდაი ასპარეზობენ. ბაშო კოკუგიკანში 9-23 იანვარს გაიმართება.  

კომენტარები

ბოლო ამბები