Thumbnail
  • ოლივერ კანმა ბაიერნის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა
  • ჰაალანდზე დასმულ კითხვას ოლიმ ლევანდოვსკის ქებით უპასუხა

მიუნხენის ბაიერნის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ოლივერ კანმა რეკორდმაისტერის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა და გერმანულ მედიაში ბოლო დროს გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა. რამდენიმე გამოცემა წერდა, რომ შესაძლოა, მომავალ ზაფხულს ბაიერნმა ერლინგ ჰაალანდი გადაიბიროს და ამ შემთხვევაში რობერტ ლევანდოვსკის შეელევა.

“ჩვენ რობერტ ლევანდოვსკი გვყავს. ის კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე სეზონში 30-40 გოლს გაიტანს,” - განაცხადა კანმა “ზუდდოიჩე ცაითუნგთან” ინტერვიუში და კითხვაზე, რას ფიქრობენ ბაიერნში ერლინგ ჰაალანდის ტრანსფერზე, ასე უპასუხა: “ვიმეორებ, ჩვენ ლევანდოვსკი გვყავს, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო ცენტრფორვარდია.”

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ასეთივე კომენტარი გააკეთა ცოტა ხნის წინ რეკორდმაისტერის პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა, რომელმაც ჰაალანდზე საუბარს თავი აარიდა და მიუნხენური გრანდის პოლონელი გოლეადორი შეაქო.

რაც შეეხება ზოგადად ბაიერნის სატრანსფერო გეგმებს - კანმა აღნიშნა, რომ რეკორდმაისტერისგან ხმაურიან გარიგებებს არ უნდა ველოდოთ: “ფინანსურად ყველა კლუბი სახიფათო მდგომარეობაშია. პანდემიის გამო შემოსავლები გვაკლდება და სიფრთხილეა საჭირო. თუმცა, ცხადია, ბაზარს ყურადღებით ვაკვირდებით. ჯერ უნდა ვნახოთ, როგორ განვითარდება პანდემია.”

ბაიერნის ბოსმა ინტერვიუში ნიკლას ზიულეს შესახებაც ისაუბრა, რომელსაც ბაიერნთან კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება: “ჩემი აზრით ზიულე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ თანამშრომლობის გაგრძელება ორივე მხარეს უნდა სურდეს და აწყობდეს.”

როგორც იცით, ზიულე არ მალავს, რომ ინგლისში გადასვლაზე სერიოზულად ფიქრობს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები