Thumbnail

'ეს მისი იდეაა, გუნდის დახმარება შეუძლია' - ლევან ყენია მოედანს უბრუნდება  

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

გერმანული იურდინგენის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ალექსანდერ ფოიგტს ორი ახალი თანაშემწე ჰყავს, დანიელები შტეფან შმიდტი და მიხაელ იორგენსენი, ხოლო ფოიგტის ძველი თანაშემწე ლევან ყენია მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსით გააგრძელებს მოღვაწეობას. 

ყენია მეხუთე თვეა, რაც იურდინგენში მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს

"მწვრთნელის ასისტენტი ლევან ყენია გუნდის შემადგენლობას დღეიდანვე შეუერთდება. მისი სავარაუდო დებიუტი ახლახან ბონში იყო მოსალოდნელი, მაგრამ მცირე ტრავმის გამო გადაიდო. თუმცა 31 წლის ყენია, რომელსაც ბუნდესლიგაში და ჩემპიონთა ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, ძალიან მოწადინებულია და სეზონის მეორე ნახევარში აუცილებლად დაუბრუნდება მოედანს", - წერს იურდინგენის ოფიციალური საიტი. 

იურდინგენი 9 ქულით რეგიონალლიგის (დასავლეთი) ბოლო ადგილზეა. ლევან ყენია ამ გუნდში სინჯებზე 2020 წლის აგვისტოში მივიდა, როცა იურდინგენი მე-3 ლიგაში თამაშობდა. ლევანმა ეინდჰოვენთან ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა, მაგრამ გუნდმა ის არ დაიტოვა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ ყენია იურდინგენმა კვლავ მიიწვია, როცა ეს გუნდი უკვე რანგით მე-4 ლიგაში დაქვეითდა, ოღონდ, მწვრთნელის ასისტენტის სტატუსით. ყენიამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ ყოფილა. 

წაიკითხე | 'ჩაკვეტაძემ და კვარაცხელიამ ზეწოლას უნდა გაუძლონ' - ინტერვიუ ლევან ყენიასთან

ალექსანდერ ფოიგტი (იურდინგენის მწვრთნელი): "ეს იდეა ძირითადად მისგან მოდის. ის თავს კარგად გრძნობს, ასე რომ, გუნდის დახმარება მოედანზეც შეუძლია. ფიზიკურად ძალიან კარგად გამოიყურება, ჩვენს გუნდს ნამდვილად გამოადგება". 

ლევან ყენია ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად მიიჩნეოდა. მას თბილისის ლოკომოტივში, შალკეში, კარპატიში, ფორტუნაში, სლავიაში, დუდელანჟში და საბურთალოში უთამაშია. საქართველოს ჩემპიონატიდან პირდაპირ ბუნდესლიგაში გადასულ ფეხბურთელს კარიერა ქრონიკული ტრავმების გამო ვერ აეწყო. ყენია ეროვნული ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტია. მან 29 მატჩში 4 გოლი გაიტანა. იურდინგენმა სეზონის პირველი ნახევარი დაასრულა, მომდევნო მატჩი გუნდს ვაიდენბრიუკთან 22 იანვარს ექნება.   

კომენტარები

ბოლო ამბები