Thumbnail

ენისეის მწვრთნელი: ქართველები უნდა ვაიძულოთ, რუსეთში ჩამოვიდნენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'თავს საქართველოს ნაკრების რეზერვს უწოდებენ, ჩვენთან კი ძირითადის 8 მორაგბე იყო'
  • ალექსანდრ პერვუხინს შავ ლომთან წაგება ვერ მოუნელებია და რევანშზე ფიქრობს

კრასნოიარსკის ენისეის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ პერვუხინმა რუსული კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს ვრცელი ინტერვიუ მისცა და რაგბი ევროპის სუპერთასის ეგიდით ქართულ ფრენჩაიზ შავ ლომთან გასულ და მომავალ მატჩებზე ისაუბრა. პირველ რიგში, პერვუხინმა თბილისურ შეხვედრაში წაგების მიზეზები ახსნა.

“შავ ლომთან მარცხს საკუთარ თავზე ვიღებ. გუნდი ვარჯიშებზე ძალიან კარგად გამოიყურებოდა და ჩავთვალე, რომ რაიმე განსაკუთრებული ზომების მიღება საჭირო არ იყო. სხვა საქმეა, რომ ქართველების წინააღმდეგ სათამაშოდ მაქსიმალური განწყობით უნდა გახვიდე. ვერ ვიტყვი, რომ ასე არ იყო, თუმცა, ჩვენი გარჯა მაინც არასაკმარისი აღმოჩნდა. ლოკომოტივ-პენზასთან წაგების მერე, რასაც ხელმძღვანელობის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, შავი ლომის მორაგბეები მზად იყვნენ მინდორზე მომკვდარიყვნენ, ჩვენ კი უბრალოდ სათამაშოდ გავედით.

ეს ყველაფერში გამოჩნდა. მეტოქემ გვაჯობა რაქებში, დაცვაში თამაშისას, მოძრაობაში. ბევრი რამის თქმა შეიძლება, თუმცა, ქართველებმა პირველ რიგში განწყობით გვაჯობეს. ბიჭებს ეს მომენტი თავადაც უნდა ეგრძნოთ, თუმცა, ვაღიარებ, რომ მწვრთნელის ფაქტორიც დიდია. საერთო ჯამში, პირველი ტაიმი ძალიან ცუდი იყო, მეორეში კი სიტუაცია გამოვასწორეთ და ზედიზედ 6 დერეფანი მოვიგეთ. შედეგად, მეტოქე იძულებული იყო ეშმაკობისთვის მიემართა და მინდორზე ძირითადი ჰუკერი დააბრუნეს. ეს ნიშნავს, რომ დიდი პრობლემები შევუქმენით”.

შავმა ლომმა თბილისში ენისეის 27:20 სძლია

ენისეის თავკაცი მოუთმენლად ელის ქართულ ფრენჩაიზთან საშინაო შეხვედრას და იმედი აქვს, რომ საქართველოს ნაკრების სარეზერვო გუნდთან რევანშს აიღებს. პერვუხინს ძალიან უნდა, შავ ლომს კრასნოიარსკში დაუხვდეს, თუმცა, თავადაც ხვდება, რომ ამის შანსი მცირეა.

“რაგბი ევროპას წერილი უკვე მივწერეთ, არადა, მართალი გითხრათ, ინიციატივას მათგან ველოდით. იყო საუბარი, რომ ჯგუფური ეტაპის შემდეგ უნდა დავმსხდარიყავით და შედეგებიდან გამომდინარე, მატჩის ჩატარების თარიღი შეგვეთანხმებინა. არსებობდა შანსი, რომ ამ დროისთვის უკვე ყველაფერი გარკვეული ყოფილიყო და ალბათ, ასეც იქნებოდა, შავ ლომს ლოკომოტივთან რომ არ წაეგო. ამ შემთხვევაში, მატჩის ჩატარება აუცილებელი აღარ იქნებოდა და თანხებიც დაიზოგებოდა. ახლა, თამაშს მნიშვნელობა ნამდვილად გააჩნია. პირველ რიგში, ქართველები უნდა ვაიძულოთ სათამაშოდ რუსეთში ჩამოვიდნენ, თუნდაც არა – კრასნოიარსკში. მეორეც, პრინციპულია მათთან რევანშის აღება. გაითვალისწინეთ, რომ შავი ლომი საკუთარ თავს საქართველოს ეროვნული ნაკრების რეზერვს უწოდებს, ჩვენთან კი ძირითადი შემადგენლობის 8 მორაგბე დააყენეს. ასე რომ, ნამდვილად “წონიან” თამაშს ველით.

რაგბი ევროპიდან გვიპასუხეს, რომ მატჩის გამართვის დროზე ქართულ მხარეს თავად უნდა შევუთანხმდეთ, ისინი კი უბრალოდ გადაწყვეტილებას დაამტკიცებენ. იმის გათვალისწინებით, რომ სუპერთასის ნახევარფინალები 16-17 აპრილსაა დაგეგმილი, რჩება მარტი, თუმცა, თებერვალი და მარტი სანაკრებო თამაშების დროა, ამდენად, არ ვიცი, რა იქნება. შავ ლომთან მატჩზეა ისიც დამოკიდებული, ნახევარფინალს სად ჩავატარებთ. თუკი მე-2 ადგილზე გავედით, პორტუგალიაში უნდა წავიდეთ, პირველი პოზიცია კი ესპანელებთან შინ თამაშის საშუალებას იძლევა. სხვათა შორის, რაგბი ევროპას კიდევ ერთხელ გავაცანით ჩვენი პრეტენზიები იმის თაობაზე, რომ მეტოქეები კრასნოიარსკში არ ჩამოვიდნენ და ისინი საკითხის განხილვას დაგვპირდნენ. მომავალი თამაში იმით იქნება კარგი, რომ გუნდებს ფსიქოლოგიური მომენტი არ იარსებებს. ორივე გუნდი ხომ ყველა ვარიანტში ნახევარფინალშია გასული. ძალიან საინტერესო მატჩი იქნება, მითუმეტეს, რომ შინ ვითამაშებთ. არ ვფიქრობ, რომ ეს კრასნოიარსკში მოხდება, ალბათ, ისევ სოჭში გაგვიშვებენ”.

შეგახსენებთ, რომ შავ ლომს რაგბი ევროპის სუპერთასის აღმოსავლეთ კონფერენციაში 20 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, ენისეის კი 16 ქულით მე-2 პოზიცია უკავია. თუ ქართულმა ფრენჩაიზმა რუსებთან სანუგეშო ქულის აღება მაინც მოახერხა (ამისთვის, 7 ქულაზე ან 3 ლელოთი მეტით არ უნდა წააგოს), ლიდერობას შეინარჩუნებს და ნახევარფინალში შინ ესპანურ იბერიანსს შეხვდება. ჯგუფში მე-2 ადგილზე გასვლის შემთხვევაში, შავ ლომს პორტუგალიაში ლუზიტანოსთან მატჩი ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები