Thumbnail
  • ნიუ ორლეანს პელიკანსი 116:112 მილუოკი ბაქსი
  • სანდრო მამუკელაშვილმა 18 წუთში ბევრი რამ მოასწრო

წამყვანი კალათბურთელების, განსაკუთრებით კი იანის ანტეტოკუნმპოს გარეშე მილუოკის ძალიან უჭირს - NBA-ს მოქმედი ჩემპიონები დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ აუტსაიდერ ნიუ ორლეანს პელიკანსთან ოვერტაიმში, 112:116 დამარცხდნენ. იანისის (კორონა-პროტოკოლი), კრის მიდლტონის (მუხლი) და ბობი პორტისის (კორონა-პროტოკოლი) სახით ჩემპიონებს ერთბაშად 3 სტარტერი არ ჰყავდათ.

მილუოკის მთავარი მწვრთნელის, მაიკ ბუდენჰოლცერის განკარგულებაში ამ თამაშისთვის მხოლოდ 9 კალათბურთელი გახლდათ, მათ შორის სანდრო მამუკელაშვილიც და როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველმა კალათბურთელმა ამჯერად კიდევ უფრო მეტი სათამაშო დრო მიიღო - მამუ 18 წუთი ათამაშეს.

სანდრომ ამ დროში საკმაოდ ბევრი რამ მოასწრო. აღსანიშნავია, რომ მან 4-ჯერ სცადა ბურთის მეტოქის კალათში ჩაგდება და ეს ოთხივე შემთხვევაში სამქულიანი გახლდათ. მამუკელაშვილის ორი სამიანი ზუსტი იყო, შესაბამისად, მის აქტივში 6 ქულაა. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 4 მოხსნაც გააკეთა - 1 შეტევაში, 3 დაცვაში. მამუს ასევე ჰქონდა 2 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.


მატჩის საუკეთესო მოთამაშე ყოფილი ნიუორლეანელი ჯრუ ჰოლიდეი გახლდათ, რომელმაც 40 ქულის დაგროვება მოახერხა (კარიერის საუკეთესო შედეგი), მაგრამ ეს თამაშის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. ძირითადი დრო 103:103 დასრულდა, ოვერტაიმში კი პელიკანსმა თამაშის მოგება შეძლო.

31 მატჩის შემდეგ, 19 მოგებით და 12 მარცხით მილუოკი ბაქსი აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო მატჩს ხვალ, 19 დეკემბერს, კლივლენდ კავალიერსთან გამართავს, რომელიც მილუოკის 1 მოგებით ჩამორჩება. დიდი ალბათობით, სანდროს ამ შეხვედრაშიც ბევრი სათამაშო დრო მიეცემა.

კომენტარები

ბოლო ამბები