Thumbnail

კონტრაქტი შეწყვეტილია - ერიკსენისთვის ინტერში ყველაფერი დამთავრდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • კრისტიან ერისკენი მილანის ინტერის ფეხბურთელი აღარ არის
  • 29 წლის დანიელ ფეხბურთელს იტალიაში თამაშის უფლება არ ჰქონდა
  • ერიკსენი თავისუფალი აგენტი გახდა და კარიერის გაგრძელებას ეცდება

როგორც დააანონსებული იყო, კრისტიან ერიკსენსა და მილანის ინტერს შორის არსებული კონტრაქტი გაუქმდა. შესაბამისად, 29 წლის დანიელი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა.

ინტერთან განშორების მიზეზი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტანტი გახდა, რაც სკანდინავიელს გულის შეტევის შემდეგ ჩაუდგეს, იტალიაში კი მსგავსი დანადგარით თამაში აკრძალულია.

"ინტერმა მიაღწია შეთანხმებას კრისტიან ერიკსენთან კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე. კლუბი და "ნერაძურის" მთელი ოჯახი მას მომავალში ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენი და კრისტიანის გზები იყოფა, ჩვენს შორის ძლიერი და განუყოფელი კავშირი რჩება. საუკეთესო მომენტები, გოლები და გამარჯვებები, გულშემატკივრების სითბო და "სან სიროზე" "სკუდეტოს" ზეიმი: ყველაფერი ყოველთვის დარჩება "ნერაძურის" ისტორიაში", - წერს იტალიური კლუბის ვებგვერდი.

ერიკსენმა ინტერში წელიწადნახევარი ითამაშა და სკუდეტო მოიგო

კრისტიან ერიკსენი ინტერმა 2020 წლის იანვარში, ტოტენჰემიდან 27 მილიონ ევროდ შეიძინა და მას შემდეგ დანიელმა 60 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა. ნახევარმცველს იტალიური გრანდის გარდა, ტოტენჰემსა და აიაქსში უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ ერიკსენმა 12 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე, დანიისა და ფინეთის შეხვედრაში გულის შეტევა მიიღო, რის გამოც კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტანტი ჩაუდგეს. იტალიაში მოქმედებს სპეციალური სამედიცინო პროტოკოლი, რომლის თანახმად, პირებს, რომლებსაც კარდიოსტიმულატორი უდგათ, ეკრძალებათ სპორტის კონტაქტური სახეობებით დაკავება. ამიტომაც, ფეხბურთელს იტალიის დატოვება მოუწია. ჯერჯერობით უცნობია, სად და როდის გააგრძელებს კარიერას დანიელი ნახევარმცველი, ყველაზე აქტიურად კი ამსტერდამის აიაქსის ვარიანტი სახელდება.

კომენტარები

ბოლო ამბები