Thumbnail

3 ახალი რეკორდი და მსოფლიოს მე-5 ჩემპიონობა - ლაშა ტალახაძის ტრიუმფი

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • უზბეკეთში ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა
  • ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონი კარიერაში მეხუთედ გახდა
  • საქართველოს ნაკრებმა ტაშკენტში 3 მედალი მოიპოვა

ლაშა ტალახაძე ისევ მსოფლიოს ჩემპიონია და თანაც, 3 ახალი მსოფლიო რეკორდით!

UPDATE: ქართველმა ძალოსანმა უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გამართულ ჩემპიონატზე, როგორც მოსალოდნელი იყო, ისევ ყველას აჯობა, ისევ საკმაოდ მარტივად და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული კარიერაში მეხუთედ მოიპოვა!

ამასთან, ტალახაძემ სამი ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა! ლაშამ ატაცში ისტორიული 225 კგ დააფიქსირა. ამით მან თავისივე მიღწევა გააუმჯობესა (ტოკიოს ოლიმპიადაზე ატაცში 223 კგ დაძლია). აქვე ვთქვათ, რომ ქართველმა ძალოსანმა ტაშკენტში ატაცში სამივე ცდა გამოიყენა - 225 კგ-მდე 210 და 2018 კგ ძალიან ადვილად დააფიქსირა.

აკვრაში ლაშამ ასპარეზობა 247 კგ-ით დაიწყო, რაც დააფიქსირა და პირველივე ცდით, როგორც ამ დისციპლინაში, ისე ორჭიდში მსოფლიოს ჩემპიონობისთვის საკმარისი წონა დაუგროვდა. აკვრაში მეორე ცდაზე 28 წლის ძალოსანმა 257 კგ ასწია, ხოლო ბოლო ცდაზე უკვე თავისივე დამყარებული მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებაზე წავიდა და 267 კგ შეუკვეთა!

ტალახაძემ ეს მისიაც შეასრულა, 267 კგ დააფიქსირა და აკვრაშიც ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. რასაკვირველია, ძველიც მას ეკუთვნოდა - ტოკიოს ოლიმპიადაზე 265 კგ. 

ორჭიდში ლაშას 492 დაუგროვდა და კიდევ ერთი ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ტოკიოს ოლიმპიადაზე დაფიქსირებული შედეგი 4 კგ-ით გააუმჯობესა! 

ატაცი: 210 კგ. ✅, 218 კგ. ✅, 225 კგ. ✅

აკვრა: 247 კგ. ✅, 257 კგ. ✅,  267 კგ. ✅

 📺 | ვიდეო: პირველი არხი


ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები სომეხმა ძალოსნებმა მოიპოვეს. ვარაზდათ ლალაიანმა ორჭიდში 457 კგ დააფიქსირა და მე-2 ადგილი დაიკავა, ხოლო გორ მინასიანი 448 კგ-ით მე-3 ადგილს დასჯერდა. როგორც ხედავთ, მეორეადგილოსანს ტალახაძემ 35 კგ-ით აჯობა, რაც მის დომინანტობაზე ნათლად მეტყველებს.

დღესვე, +109 კგ წონითი კატეგორიის B ჯგუფში ბაქარ თურმანიძემ მე-6 ადგილი დაიკავა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 171 და 176 კგ დააფიქსირა, აკვრაში 210 და 218 კგ დაძლია, შედეგად, ორჭიდში 394 კგ დაუგროვდა და ორივე დისციპლინაში, ისევე როგორც ორჭიდში მე-6 ადგილი ერგო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციამ მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვა. ტალახაძამდე შოთა მიშველიძე ვერცხლს (61 კგ.) დაეუფლა, ხოლო რევაზ დავითაძემ (89 კგ.) ბრინჯაო დაისაკუთრა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები