- NBA-ის ცნობილი რეპორტიორები გოგა ბითაძის თამაშს გამოეხმაურნენ
- გოგა ბითაძის სუპერმატჩი G ლიგაში - ბეჟანიშვილმაც მაგრად ითამაშა
მაშინ, როცა გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი სანდრო მამუკელაშვილის მილუოკი ბაქსს სტუმრობდა, ქართველი ცენტრი NBA-ის განვითარების ლიგის მატჩში თამაშობდა - მისმა ფორტ ვეინ მედ ანტსმა 131:127 დაამარცხა საკმაოდ ვარსკვლავური გოლდი.
მეტოქის რიგებში აიზეა თომასი, ლენს სტივენსონი და ნიკ სტაუსკასი თამაშობდნენ, სასტარტო ხუთეულში იყო გიორგი ბეჟანიშვილიც (25 ქულა და 7 მოხსნა). მაგრამ მატჩის გმირი გოგა იყო, რომელმაც ფანტასტიკურად ითამაშა 38 ქულა, 14 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. მისი შეჩერება ვერავინ შეძლო. ამერიკული მედია გოგა ბითაძის სუპერმატჩს გამოეხმაურა:

ტონი ისტი (Forbes): "სათამაშო წუთები ესაჭიროებოდა, მაგრამ ბითაძე ამ დონისთვის მეტისმეტად კარგია. მან 68%-იანი სიზუსტით ისროლა და 6 სამქულიანი ჩააგდო".
NBA G League (ოფიციალური ტვიტერი): "წუხელ გოგას გამჩერებელი არავინ იყო".
სკოტ აგნესი (Fieldhouse Files): "გოგა ბითაძემ G ლიგის ორ მატჩში გააკეთა ის, რასაც მისგან ველით - იყო აბსოლუტური დომინანტი.
ზაკ პირსონი (8pts9secs): "რომ იცოდეთ, გოგა ბითაძემ სარეზერვო ლიგაში 38 ქულა ჩააგდო და 14 მოხსნა გააკეთა, მან წუხელ 6 სამქულიანი ჩააგდო".
ჯასტინ კონი (The Journal Gazette): "გოგა ბითაძეს მონსტრი თამაში ჰქონდა, როგორც ჩანს, მედ ანტსი "შოუკეის კაპზე" იასპარეზებს. მან გოლდი ნაწილებად დაშალა".
ფორტ ვეინ მედ ანტსმა ბითაძის დახმარებით 8 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და G ლიგის ცენტრალურ დივიზიონში მე-2 ადგილზე იმყოფება, ხოლო გრანდ რაპიდსი (5 მოგება, 6 წაგება) მეექვსეა. ფორტ ვეინს მომდევნო მატჩი 27 დეკემბერს კოლეჯ პარკ სქაიჰოუქსთან ელის და მცირე შანსია, გოგა იმ მატჩშიც ვიხილოთ (წესით, ინდიანამ უნდა დაიბრუნოს), გოლდსი კი 17 დეკემბერს ვინდი სიტი ბულსს გაეჯიბრება.
კომენტარები