Thumbnail
  • ბარსელონას ერლინგ ჰაალანდის ტრანსფერის იმედი აქვს
  • ჟოან ლაპორტა მინო რაიოლას უკვე შეხვდა და მხარეებმა ისაუბრეს
  • ნორვეგიელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია

ბარსელონას პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა საფეხბურთო აგენტ მინო რაიოლას შეხვდა და მათ ერლინგ ჰაალანდი ტრანსფერის შესახებ ისაუბრეს. ისინი ერთმანეთს ტურინში შეხვდნენ, სადაც Golden Boy-ს დაჯილდოების ცერემონია "ტუტოსპორტის" ორგანიზებით გაიმართა.

"მუნდო დეპორტივო" ჟურნალისტ ჟერარ რომეროზე დაყრდნობით წერს, რომ მხარებმა ჰაალანდის შესაძლო ტრანსფერი განიხილეს. კერძოდ, ბარსელონას პრეზიდენტმა რაიოლას სთხოვა, რომ საკომისიოს ოდენობა შეამციროს, რომელსაც ტრანსფერის სანაცვლოდ ითხოვს. ლაპორტა რაიოლას დაჰპირდა, რომ ნორვეგიელი თავდამსხმელი ბარსელონაში ჩავის ხელმძღვანელობით პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქნება.

ერლინგ ჰაალანდის ტრანსფერი 2022 წლის ზაფხულშია მოსალოდნელი

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ გერმანულ მედიასთან მინო რაიოლამ 4 კლუბი დაასახელა, რომელთაც ჰაალანდის შანსი აქვთ და ერთ-ერთი მათგანი ბარსელონაც იყო. მინომ ისიც არ დამალა, რომ ტრანსფერი მოსალოდნელი მომავალ ზაფხულსაა.

21 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში 9 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. დორტმუნდთან მისი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში იწურება.

კომენტარები

ბოლო ამბები