Thumbnail

'პსჟ-სთვის მოვკვდები' - სერხიო რამოსის კომენტარი მადრიდის რეალთან შეხვედრაზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ყველაზე დიდ ინტერესს პარი სენ-ჟერმენისა და მადრიდის რეალის დაპირისპირება იწვევს. რა თქმა უნდა, ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთი მაინც გამორჩეულია - სერხიო რამოსი.

ლეგენდარულ ესპანელს იმ გუნდის წინააღმდეგ მოუწევს თამაში, რომელთანაც ერთად ისტორია დაწერა. რამოსმა წილისყრის შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ახლა ის ყველაფერს გააკეთებს პსჟ-ს წარმატებისთვის.

"როდესაც თვითმფრინავში ჩავჯექი, ჩვენი მეტოქე მანჩესტერ იუნაიტედი იყო (გაუქმებული წილისყრის თანახმად პსჟ მანჩესტერს უნდა შეხვედროდა), რომელიც ჩემი აზრით, ძლიერი გუნდია, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ წილისყრა წესების დაცვით არ ჩატარებულა. ვისურვებდი, რომ რეალთან შეხვედრა არ მქონოდა, მაგრამ "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაბრუნება სიხარულის მიზეზიცაა, რადგან კოვიდის გამო გამომშვიდობება ვერ მოვახერხე. მერჩივნა, სხვა გუნდთან გვეთამაშა, იცით, როგორი სიყვარული მაქვს და როგორ ვარ დაკავშირებული მადრიდის რეალთან, ეს არასდროს შეიცვლება. თუმცა, ახლა პსჟ-ს ღირსებას ვიცავს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ, პარი სენ-ჟერმენისთვის მოვკვდები", - ციტირებს რამოსის სიტყვებს MARCA.

სერხიო რამოსმა რეალში 16 წელი ითამაშა

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსმა 2005-2021 წლებში მადრიდის რეალის მაისურით 671 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარში 101 გოლის გატანა მოახერხა. მას "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს დაუსრულდა და კარიერა პარი სენ-ჟერმენში გააგრძელა, რომლის მაისურით მოედანზე ჯერჯერობით ერთადერთხელ გავიდა.

პსჟ-რეალის პირველი მატჩი 15 თებერვალს - პარიზში, ხოლო საპასუხო 9 მარტს მადრიდში გაიმართება და ლეგენდარული ესპანელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაბრუნდება.

კომენტარები

ბოლო ამბები