Thumbnail

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრის შესახებ კომენტარი გააკეთა. გერმანელი სპეციალისტი კმაყოფილია, მიუხედავად იმისა, რომ პირველი წილისყრით, რომელიც გააუქმეს, მეტოქედ ავსტრიული ზალცბურგი ერგო, ხოლო მეორე და საბოლოო წილისყრით - ინტერი.

მეტიც, კლოპი ფიქრობს, რომ უეფა სწორად მოიქცა, როცა წილისყრა ხელახლა ჩაატარა და ამის გაკეთება აუცილებელი იყო. იურგენს "სან სიროზე" კიდევ ერთხელ დაბრუნებაც უხარია, სადაც მისმა გუნდმა ერთი კვირის წინ მილანს 2:1 მოუგო.

"54 წელი ველოდი "სან სიროზე" პირველად თამაშს და ახლა, ეს სამ თვეში მეორედ მოხდება, შესაბამისად, კარგი ამბავია. რა თქმა უნდა, ძალიან რთული მეტოქე გვერგო. ისინი იტალიის ჩემპიონატის ლიდერები არიან, კარგი გუნდია, რომელიც კარგად თამაშობს. ვნახოთ, თებერვლამდე რა მოხდება. კარგად ვიცნობ ალექსის სანჩესს და ედინ ჯეკოს, ლაუტარო მარტინესი კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. ლივერპულისთვის ადვილი თამაში არ არსებობს, ყველაფერი შესაძლებელია, ვნახოთ, რა მოხდება. ჩემი აზრით, წილისყრის თავიდან ჩატარება აუცილებელი იყო. ვუყურებდი და ვფიქრობდი: შეუძლებელია ყველაფერი ასევე დარჩეს, უბრალოდ შეუძლებელია. ყველაფერი თავიდან უნდა გაეკეთებინათ", - თქვა კლოპმა.

იურგენ კლოპი "სან სიროზე" პირველად 1 კვირის წინ იყო

მილანთან მატჩის წინ იურგენ კლოპმა იტალიურ მედიასთან აღიარა, რომ "სან სიროზე" პირველად იმყოფებოდა და თან რცხვენოდა, რომ მშვენიერი სტადიონი პირველად მხოლოდ 54 წლის ასაკში ნახა. ახლა კი, იურგენს "საფეხბურთო ლა სკალაში" სტუმრობა მეორედ მოუწევს. საინტერესოა, რომ 2007/08 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, ლივერპულმა ინტერი იოლად, ორი მატჩის ჯამში 3:0 დაამარცხა (2:0, 1:0).

კომენტარები

ბოლო ამბები