Thumbnail

ძალოსნობა | რევაზ დავითაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • რევაზ დავითაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე 6-დან 5 ცდა გამოიყენა
  • უზბეკეთში მიმდინარე ტურნირზე კიდევ 6 ქართველი ძალოსანი გამოვა

23 წლის ქართველი ძალოსანი რევაზ დავითაძე (89 კგ.) 2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ქართველმა ძალოსანმა უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ტურნირზე 6-დან 5 ცდა გამოიყენა და კვარცხლბეკზე ასვლა მოახერხა.

დავითაძემ ატაცში შტანგასთან სამივე მისვლა (165, 168, 171 კგ.) გამოიყენა და მხოლოდ სომეხ ანდრანიკ კარაპეტიანს ჩამორჩა, რომლის საბოლოო მაჩვენებელიც 175 კგ. იყო. შესაბამისად, რევაზს პირველ მოძრაობაში მცირე ვერცხლის მედალი ერგო.

აკვრაში რევაზი 195 და 199 კგ.-ს გაუმკლავდა, 203 კგ. კი ვეღარ დასძლია და მე-7 შედეგი დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ მე-2 მოძრაობაში წონის დაფიქსირება ვერ მოახერხა ხსენებულმა კარაპეტიანმა, თუმცა, დავითაძის ჯამური შედეგი (370 კგ.) მაინც მე-3 აღმოჩნდა. მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთკორეელი დონგჯუ იუ (371 კგ.) გახდა, ვერცხლის მედალს კი უზბეკი სარვარბეკ ზაფარჯონოვი (371 კგ.) დაეუფლა. 

რევაზ დავითაძე და საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გიორგი ასანიძე

რევაზ დავითაძე

ატაცი: 165 კგ. ✅, 168 კგ. ✅, 171 კგ. ✅

აკვრა: 195 კგ. ✅, 199 კგ. ✅ 203 კგ. ❌

ცნობისთვის, დავითაძისთვის ეს, მსოფლიოს პირველობაზე მოპოვებული მე-3 ბრინჯაოს მედალია. წინა ჯერზე, მან წარმატებას 2018 და 2019 წლებში მიაღწია, ამას გარდა კი, ევროპის ჩემპიონი (2018) და 2-გზის (2019, 2021) ვერცხლის მედალოსანია.

ქართული დელეგაციისთვის ეს უზბეკეთში მოპოვებული მე-2 მედალია. რამდენიმე დღის წინ ვერცხლს დაეუფლა შოთა მიშველიძე, რომელიც 61 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრების კიდევ არაერთი წევრი იასპარეზებს. 14 დეკემბერს ტაშკენტურ ფიცარნაგზე ირაკლი გობეჯიშვილი და ანტონ პლესნოი (ორივე – 96 კგ.) გავლენ, 15-ში – ზაზა ლომთაძე და ირაკლი ჩხეიძე (ორივე – 102 კგ.), ხოლო 17-ში – ბაქარ თურმანიძე და ლაშა ტალახაძე (ორივე +109 კგ.).

 

კომენტარები

ბოლო ამბები