Thumbnail

'უნდა დავმშვიდდეთ და ერთად ვიაროთ' - ლაპორტას პირველი კომენტარი

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

მიმდინარე სეზონი ბარსელონას ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიურია: კატალონიური გრანდი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველ სტადიაზეც კი ვერ მოხვდა. მიუნხენის ბაიერნთან წაგების (0:3) შემდეგ, ბარსას ლისაბონის ბენფიკამ გაასწრო და ჯგუფიდანაც გავიდა.

კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ მცირე მიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ბარსელონაში ახლა ყველამ ერთი მიმართულებით და ერთად უნდა იაროს, რათა მძიმე სიტუაცია შეიცვალოს.

"ახლა, როგორც არასდროს, დროა ერთი მიმართულებით ერთად ვიაროთ. ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ ჯგუფიდან გასვლა ვერ მოხერხდა. სამწუხაროა, თუმცა, მძიმე სპორტული და ფინანსური სიტუაციის გამოსასწორებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ჩავისთან ჯერ არ მისაუბრია, ამის დრო არ იყო, მთავარია, რომ დავმშვიდდეთ", - თქვა ლაპორტამ.

ბარსას ბოლოს ევროპალიგაზე (უეფას თასზე) სელტიკმა ალან ტომპსონის გოლით მოუგო [2004]

შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კატასტროფულად ითამაშა. ესპანურმა გრანდმა 7 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილი დაიკავა, ამასთან, მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა და ორივეჯერ აუტსაიდერ დინამო კიევის კარში. აღსანიშნავია, რომ ბარსელონაზე ნაკლები გოლი ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ორმა გუნდმა შეაგდო - იმავე დინამომა და შვედურმა მალმიომ (1).

ბარსელონა ევროპალიგაზე (მაშინ უეფას თასი ერქვა) ბოლოს 2003/04 წლების სეზონში თამაშობდა და მაშინაც გუნდის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა იყო, ჩავი კი ნახევარდაცვას ამაგრებდა. "ბლაუგრანა" იმ სეზონში ასპარეზობას 1/8-ფინალში სელტიკთან მარცხის გამო (0:1, 0:0)  გამოეთიშა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ამ სეზონამდე ბოლოს 2000/2001 წლების სეზონში ჩარჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები